საქართველოს ჟურნალისტთა დამოუკიდებელი ასოციაცია

გაწევრიანდი!

მთავარი

  • ავტორი: Besik Maminaishvili
  • კატეგორია: Main
  • გადასვლები: 13178

ელისო კილაძის შვილი დააკავეს

გაზეთ „ქრონიკა პლუსის“ მთავარი რედაქტორის ელისო კილაძის შვილი დავით ხარშილაძე დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით უკვე წარედგინა, რაც ნარკოტიკული საშუალების შეძენას, შენახვას, დამზადებას, გადაგზავნასა და გასაღებას გულისხმობს. 


\"\"კილაძე შვილის დაკავებას მის ჟურნალისტურ საქმიანობას უკავშირებს. მისივე თქმით, მის შვილს გაურკვეველი ნივთიერება ჩხრეკისას ჩაუდეს. 

ხარშილაძის ადვოკატი პროცედურულ დარღვევებზე საუბრობს და ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ როგორც ფიზიკური ასევე სიტყვიერი შერაცხყოფა განხორციელდა. 

დაკავებული ამ დრომდე დიღმის სამმართველოში იმყოფება. ის ომბუდსმენის რწმუნებულმა მოინახულა. 

 

  • ავტორი: Besik Maminaishvili
  • კატეგორია: Main
  • გადასვლები: 13252

კვირიკაშვილი მედია ომბუდსმენის ინსტიტუტის შექმნის ინიციატივით გამოდის

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მედია ომბუდსმენის ინსტიტუტის  შექმნის ინიციატივით გამოდის, რომელიც მედია გარემოს და მის განვითარებას დააკვირდება. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების კომენტირებისას, რომელმაც „რუსთავი 2“-ის საქმეზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2 მარტის გადაწყვეტილების აღსრულება დროებით შეაჩერა. გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ მთავრობა პატივს ცემს ამ გადაწყვეტილებას, ისევე როგორც პატივს ცემს „ევროპული ინსტიტუტების გადაწყვეტილებებს, რეკომენდაციებს და მოსაზრებებს, რითაც მათ განსაკუთრებული წვლილი შეაქვთ ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში“.


\"\"მედია ექსპერტების და არასამთავრობო ორგანიზაციების ჯგუფთან შეხვედრაზე საუბრისას პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ხელისუფლებამ „საქმით დაამტკიცა დემოკრატიული ღირებულებებისადმი ერთგულება, რაც საერთაშორისო დემოკრატიული ინსტიტუტების მიერ არაერთხელ იქნა აღიარებული. ამაზე მიუთითებს საერთაშორისო რეიტინგებიც“.

მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებების დაცვა, მათ შორის, სიტყვისა და აზრის გამოხატვის თავისუფლება, სასამართლოს დამოუკიდებლობა „ჩვენი მთავრობის პოლიტიკის შედეგია და ქვეყნის და ხალხის მთავარი მონაპოვარია, რისი მტკიცედ დაცვა და შენარჩუნებაც ჩვენი ძირითადი პრიორიტეტია“.

კვირიკაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობა „დემოკრატიული სახელმწიფოს ერთ-ერთი ფუნდამენტია და მის საქმიანობაში ჩარევა და მისი გადაწყვეტილებების უპატივცემულობა სრულიად დაუშვებლად მიგვაჩნია, ისევე, როგორც - სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა“.

„აღნიშნული ღირებულებებით ხელმძღვანელობენ ჩვენი ევროპელი მეგობრები და პარტნიორები, ასეთია ევროპული დემოკრატიის საფუძველი და სწორედ ასეთი სახელმწიფოს აშენებაში მხარდაჭერას და გვერდში დგომას ველით ჩვენი ევროპელი პარტნიორებისაგან“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მან ასევე განაცხადა, რომ „საკუთრების დაცვისა და სასამართლოს, როგორც უმნიშვნელოვანესი სახელმწიფო ინსტიტუტის დამოუკიდებლობის დაცვის პარალელურად, არ უნდა შეილახოს არც ერთი ფუნდამენტური უფლება“.

„მართლაც, პირველ რიგში სწორედ ჩვენი, ხელისუფლების ინტერესშია, დაცული იყოს ჩვენივე მთავარი მონაპოვარი - სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება და მედია პლურალიზმი. ამიტომ, არ უნდა არსებობდეს არანაირი კითხვის ნიშანი ამ საკითხთან დაკავშირებით“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

„სწორედ ამიტომ, გამოვდივარ ინიციატივით, ჩამოვაყალიბოთ მედია ომბუდსმენის ინსტიტუტი, სადაც მოწვეული იქნებიან მსოფლიოში ყველაზე მაღალი რეპუტაციის მქონე მედიის უფლებადამცველები“, - განაცხადა მან და დასძინა, რომ „ამ ინსტიტუტმა მუდმივად უნდა აწარმოოს ჩვენს ქვეყანაში მედიაგარემოსა და მის განვითარებაზე დაკვირვება, მონიტორინგი და ეს უნდა შეეხოს როგორც „რუსთავი 2“-ის ირგვლივ არსებულ ვითარებას, ისე - საზოგადოებრივ მაუწყებელში და ზოგადად მედიასივრცეში მიმდინარე პროცესებს“. 

კვირიკაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ ხელისუფლება „ღიაა თანამშრომლობისთვის“ და ევროპელი მედია ექსპერტები თანამშრომლობისთვის მოიწვია.

„ჩვენ დაინტერესებული ვართ ჩვენი ინსტიტუტების დაცვით და მათი გაძლიერებით და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენი ქვეყნის განვითარება სწორედ ევროპულ და დემოკრატიულ ღირებულებებზე იყოს დაფუძნებული“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

  • ავტორი: Besik Maminaishvili
  • კატეგორია: Main
  • გადასვლები: 12647

გვარამია ხალვაშს „რუსთავი 2“-ს დათმობაში 4 მილიონს სთავაზობს

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ „საქართველოში დიქტატურა ოფიციალურად დამყარდა“. ამის შესახებ მან სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა. ამ ინფორმაციას ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ავრცელებს.


„რუსთავი 2 არის ამ ქვეყნის ერთადერთი მსხვილი კრიტიკული მედია და დღეს გამოცხადდა ბიძინა ივანიშვილისთვის გადაცემის შესახებ. ჩვენ მივიჩნევთ, რომ ქვეყანაში ვითარება უკიდურესად დაიძაბა. საქართველოს საერთაშორისო იმიჯი, გამომდინარე იმ განცხადებებიდან, რაც უკვე გაკეთდა, ძალიან სერიოზული საფრთხეები წინაშე დადგა.

ამიტომ „რუსთავი 2“-ის გუნდი აკეთებს შემდეგ განცხადებას: მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ ვაღიარებთ უკანონო გადაწყვეტილებას და მივიჩნევთ მას პოლიტიკურ და არასამართლებრივ გადაწყვეტილებად, ფორმლაურად, ის არის მაინც ძალაში.

ჩვენ გვქონდა კონსულტაციები მესაკუთრეებთან, რომლებიც ნამდვილად კანონიერი მესაკუთრეები არიან, მიუხედავად იმისა, რას იტყვის 9 სულგაყიდული მოსამართლე, მათ ექნებათ საერთაშორისო სასამართლო დავები ქიბარ ხალვაშთან.

ამ ყველაფრის მიუხედავად, ჩვენ ვაკეთებთ შემდეგ განცხადებას - რაკიღა ოფიციალურად დეკლარირებულია, რომ რუსთავი2-ის სარედაქციო პოლიტიკის შენარჩუნება არის მნიშვნელოვანი, რაკიღა „TV პირველის“ ეთერში და მადლობა ამ კომპანიას, ქიბარ ხალვაშმა გააკეთა განცხადება, რომ მისთვის ეს არის ბიზნესის საკითხი და ის აპირებს „რუსთავი 2“-ის გაყიდვას, ვაკეთებთ შემდეგ შეთავაზებას, ჩემს უკან დგანან ადამიანები, ვის მხარზეც დგას დღეს „რუსთავი 2“. ესენი არიან ადამიანები, ვის გამოც „რუსთავი 2“ არის ისეთი, როგორიც არის და მე კი არა, გადაეცით „რუსთავი 2“ მის კოლექტივს. თუ არ იტყუებით, თუ არ ცრუობთ და თუ არ გინდათ ამ ქვეყანაში ერთხმად აჟღერებული ტელევიზია, გადაეცით ტელევიზია ამ კოლექტივს“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

„რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ქიბარ ხალვაშს სთავაზობს, რომ მისი კომერციული ინტერესის დასაკმაყოფილებლად, დარჩენილ თანხას, რომელსაც ის ითხოვდა, გადაუხდიან.

„3 მილიონ 944 ათას 397 დოლარს გადავიხდით ჩვენ“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

მისი თმით, „რუსთავი 2“ პირდაპირ ეთერში მაუწყებლობას განაგრძობს და ეს ტელეკომპანიის ბოლოს სიტყვაა.

„ჩვენ ვერ გაგვიყვანეთ ეთერიდან, თუ გამორთავთ ეთერს, თუ გაგვიყვანეთ ჩვენ აქედან, მოგიწევთ კიდევ უფრო მეტი ზიანის აღება საკუთარ თავზე და ქვეყნის დაზარალება შეუქცევადად, რისი სურვილიც ჩვენ არ გვაქვს, ჩვენ ამ ქვეყნის შვილები ვართ“, - აცხადებს ნიკა გვარამია.

 

  • ავტორი: Besik Maminaishvili
  • კატეგორია: Main
  • გადასვლები: 13407

სტრასბურგის სასამართლომ „რუსთავი 2“-ის შესახებ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება შეაჩერა

ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ 3 მარტს მიიღო გადაწყვეტილება, რომ „რუსთავი 2“-ის საქმეზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2 მარტის გადაწყვეტილების აღსრულება დროებით შეაჩეროს. ამ გადაწყვეტილებით სასამართლომ ტელეკომპანიის საკუთრების უფლება მის ყოფილ მფლობელს მიაკუთვნა. 


სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება პირველად ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ 3 მარტს გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე გააჟღერა. 

წინა დღეს, უზენაესი სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისთანავე, გვარამიამ განაცხადა, რომ „რუსთავი 2“-ის ადვოკატები შუალედურ ღონისძიებას მოითხოვენ, რაც ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებული საბოლოო გადაწყვეტილებების აღსრულების დროებითი შეჩერების მექანიზმს წარმოადგენს. 

სასამართლოს ორგვერდიანი წერილი, რომელიც მოკლედ აღწერს მოსამართლის გადაწყვეტილებას, „რუსთავი 2“-ის ვებგვერდზე გვარამიას ბრიფინგის დასრულებისთანავე გამოქვეყნდა. 

„მხარეთა ინტერესების დაცვისა და სამართლებრივი პროცედურების სათანადო განხორციელების მიზნით, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, რომ შეაჩეროს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 2 მარტის გადაწყვეტილება და თავი შეიკავოს მოსარჩელე კომპანიის სარედაქციო პოლიტიკაში ნებისმიერი გზით ჩარევისგან“, - ნათქვამია სასამართლოს წერილში. 

ამავე წერილის თანახმად, სასამართლომ გადაწყვიტა, რომ „რუსთავი 2“-ის განაცხადს პრიორიტეტულობა მიანიჭოს 41-ე წესის თანახმად, რომელიც სასამართლოს მიერ განსახილველი საქმეების რიგითობას განსაზღვრავს. 

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, რომელმაც საქართველოს მთავრობის სახელით ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე კომენტარი გვარამიას ბრიფინგიდან 2 საათში გააკეთა, აღნიშნა, რომ „პროცედურის დაცვით ჩვენ მივყვებით ამ საქმეს ისე, როგორც გვიწარმოებია ნებისმიერი სხვა საქმე სტრასბურგის სასამართლოში“. 

მან ასევე განაცხადა, რომ სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას „იმასთან დაკავშირებით, გაფართოვდეს თუ არა სასამართლოს პრაქტიკა ამ ფორმით, გამოხატვის თავისუფლების საქმეებზე, გაგრძელდეს თუ არა დროებითი ღონისძიება და შენარჩუნდეს თუ არა ეს გადაწყვეტილება“. 

სტრასბურგის სასამართლოს წესებისა და პროცედურების თანახმად, შუალედური ღონისძიებები შესასრულებლად სავალდებულოა და მხოლოდ გამონაკლისს შემთხვევებში გამოიყენება. სასამართლო მხოლოდ მაშინ იღებს შუალედური ღონისძიების გამოყენების გადაწყვეტილებას წევრი სახელმწიფოს მიმართ, როდესაც, შესაბამისი ინფორმაციის განხილვის შემდეგ, ჩათვლის, რომ განმცხადებელი სერიოზული, შეუქცევადი ზიანის მიღების რეალური რისკის წინაშე დადგება იმ შემთხვევაში, თუ ეს ღონისძიება არ იქნება გამოყენებული.

სტრასბურგში მდებარე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციაში ასახული სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების სავარაუდო დარღვევების შესახებ ინდივიდუალურ თუ სახელმწიფო სარჩელებზე იღებს გადაწყვეტილებებს.

 

  • ავტორი: Besik Maminaishvili
  • კატეგორია: Main
  • გადასვლები: 12332

სახალხო დამცველი საზოგადოებრივი მაუწყებლიდან ჟურნალისტის გათავისუფლებას ეხმიანება

\"\"საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება საზოგადოებრივი მაუწყებლიდან „მოამბის“ ჟურნალისტის ლაშა მესხის გათავისუფლების ფაქტს ვინაიდან მიიჩნევს, რომ აღნიშნული შემთხვევა შესაძლოა წარმოადგენდეს განსხვავებული მოსაზრების და პროფესიული კავშირის წევრობის გამო დისკრიმინაციას.


როგორც სახალხო დამცველისთვის არის ცნობილი, ლაში მესხის გათავისუფლების საფუძველი მასთან დადებული ერთთვიანი ხელშეკრულების ვადის გასვლა გახდა. ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, ის ერთადერთი გათავისუფლებული პირია იმ 13 დასაქმებულიდან, რომელთა ერთთვიანი ხელშეკრულების ვადა ამოიწურა.

სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ ერთთვიანი ხელშეკრულების ვადის გასვლის მიზეზით შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა და კანონის ფარგლებში სამსახურიდან გათავისუფლება არ გამორიცხავს დისკრიმინაციის არსებობის ვარაუდს. ხშირ შემთხვევაში, სამსახურიდან დისკრიმინაციული საფუძვლით გათავისუფლებისთვის სწორედ მოკლევადიანი ხელშეკრულებები გამოიყენება.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე უცნობია, რა ლეგიტიმურ მიზანს ემსახურებოდა მხოლოდ ლაშა მესხის სამსახურიდან გათავისუფლება. ამასთან, იმ პირობებში, როდესაც ჟურნალისტი მენეჯმენტის მიმართ მის განსხვავებულ და კრიტიკულ მოსაზრებებზე და პროფესიული კავშირში აქტიურ საქმიანობაზე მიუთითებს, საზოგადოებრივ მაუწყებელს ეკისრება პასუხისმგებლობა, წარმოადგინოს განსაკუთრებით წონადი არგუმენტები და დაასაბუთოს, რომ ჟურნალისტის სამსახურიდან გათავისუფლება არ მომხდარა დისკრიმინაციული საფუძვლით.

სახალხო დამცველი მომავალშიც აქტიურად დააკვირდება საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე მოვლენებს.