საქართველოს ჟურნალისტთა დამოუკიდებელი ასოციაცია

გაწევრიანდი!

„იმედის“ დირექტორი გვარამიასგან ბოდიშის მოხდას ითხოვს

ტელეკომპანია „იმედის“ გენერალური დირექტორი გიორგი ბახტაძე, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას ბრალდებას პასუხობს და განცხადებას ავრცელებს.  

„დღეს, „რუსთავი 2“-ის დირექტორმა საჯაროდ იცრუა და უკვე მერამდენედ სცადა ტელეკომპანია „იმედის“ რეპუტაციის შელახვა, განაცხადა რა, რომ „იმედმა“ უკრაინულ ვებგვერდზე დღეს ატვირთული ფარული აუდიოჩანაწერების შინაარსის შესახებ იცოდა ამ ჩანაწერების გამოქვეყნებამდე და შესაბამისად, გვარამიას თქმით, „იმედი“ „ხელისუფლების ინტერესების გამომხატველი, დანაშაულებრივი შეთანხმების გამტარებელი და გამხმოვანებელი არხია.

„ის, რომ „რუსთავი 2“-ის დირექტორი მიზანმიმართულ კამპანიას აწარმოებს ტელეკომპანია „იმედის“ წინააღმდეგ, ეს ახალი არ არის. ჩვენ არ გამოვეხმაურებოდით „რუსთავი 2“-ის დირექტორის არცერთ განცხადებას, რომ არა ერთი სიახლე, რომელიც გვარამიას გახშირებულ სატელევიზიო მონოლოგებში დღეს პირველად გაჩნდა.ყოფილი პროკურორი, რომელიც უახლოეს წარსულში სააკაშვილის ხელისუფლების სახელით პირადად მონაწილეობდა ტელეკომპანია „იმედის“ დარბევისა და წართმევის კამპანიაში, დღეს ისევ იმუქრება, რომ ხელისუფლებაში დაბრუნების შემთხვევაში „პატრიოტი პროკურატურა“ კვლავ დაინტერესდება ტელეკომპანიით და არხის წარმომადგენლებს მოუწევთ დაკითხვაზე მისვლა.

„ტელეკომპანია „იმედს“ არ აქვს შეკითხვები არც ნიკოლოზ გვარამიას და არც „რუსთავი 2“-ის სარედაქციო პოლიტიკის მიმართ. ჩვენთვის ნათელია, რომ „რუსთავი 2“ ნაციონალური მასშტაბის ერთადერთი პარტიული მაუწყებელია და არა ერთადერთი კრიტიკული ტელევიზია საქართველოში, რომელმაც, სამწუხაროდ, „იმედთან“ ბრძოლა და ამ ტელეკომპანიის თანამშრომლების მუდმივი შეურაცხყოფა, თავისი პარტიული კამპანიის ნაწილად აქცია. აქედან გამომდინარე, ვითხოვ ნიკოლოზ გვარამიასგან ტელეკომპანია „იმედის“ და მისი თანამშრომლებისთვის საჯაროდ ბოდიშის მოხდას", - ნათქვამია ბახტაძის განცხადებაში.