Logo

„რუსთავი 2“ საზოგადოებრივ საბჭოს ქმნის

ტელეკომპანია „რუსთავი 2“ არხის საინფორმაციო სამსახურის სარედაქციო დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის მიზნით საზოგადოებრივ საბჭოს ქმნის. შესაბამისი ინიციატივის შესახებ ტელეკომპანიაში გამართულ პრესკონფერენციაზე „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა გიორგი ლაფერაშვილმა განაცხადა.

„ჩვენ კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ ვემიჯნებით ყველა პოლიტიკური პარტიის დღის წესრიგს, მათი თამაშის წესებს. ჩვენი სურვილია ვაკეთოთ ის საქმე, რაც ვიცით – ვაშუქოთ ქვეყანაში მიმდინარე პროცესები, ვიყოთ კრიტიკულები, მაგრამ ობიექტურები. თუმცა იმასაც ვაცნობიერებთ, რომ ბოლო ორი დღის განმავლობაში განვითარებულმა პროცესებმა შესაძლოა საზოგადოების ერთ ნაწილში დატოვა კითხვები ჩვენს სარედაქციო დამოუკიდებლობასთან დკავშირებით, ამიტომ ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად და ჩვენი სარედაქციო დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის მიზნით მივიღეთ გადაწყვეტილება, შევქმნათ საზოგადოებრივი საბჭო, რომელიც კონტროლს გაუწევს იმ კონტენტს, რასაც „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო სამსახური ამზადებს – საუბარია პოლიტიკურ და ანალიტიკურ გადაცემებზე. სწორედ ეს ინიციატივა განვიხილეთ ჩვენ არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრაზე, ასევე, ეს საკითხი განვიხილეთ როგორც არხის ხელმძღვანელობასთან, ისე დამფუძნებელთან და მივედით შეთანხმებამდე. 

საბჭო იფუნქციონირებს არხის თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში, ის მისცემს ტელეკომპანიას რეკომენდაციებს საზოგადოებრივ-პოლიტიკური მიმართულებით. საბჭო იქნება დავების განმხილველი მეორე ინსტანციის ორგანო, დააფიქსირებს დარღვევებს და გასცემს მათი აღმოფხვრის რეკომენდაციებს“, - განაცხადა გიორგი ლაფერაშვილმა.

აღნიშნულ კონტექსტში „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა არასამთავრობო სექტორს მიმართა და საზოგადოებრივ საბჭოში ჩართვა ურჩია. 

„მინდა მივმართო არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც აქტიურად მუშაობენ მედიის მიმართულებით: ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას, საერთაშორისო გამჭვირვალობას, საქართველოს დემოკრატიულ ინიციატივას, მედიის განვითარების ფონდს, სამართლიან არჩევნებს, რეფორმების ასოციაციას, ფონდ ინტერნიუსს და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტს, მიიღონ მონაწილეობა ამ წამოწყებაში და გახდნენ „რუსთავი 2“-ის საზოგადოებრივი საბჭოს წევრები. გარდა ამისა ჩვენ ეს შეთავაზება გავუკეთეთ ჩვენს კოლეგას, ჟურნალისტ ნინო ჯაფიაშვილს, მედიამკვლევარ ნინო დანელიას და ჟურნალისტიკისა და მედიამენეჯმენტის კავკასიური სკოლის დეკანს ნინა ივანიშვილს. ჩვენი სურვილია საბჭო უახლოესი დღეების განმავლობაში ჩამოყალიბდეს და დაინიშნოს პირველი სხდომა“, - აღნიშნა ლაფერაშვილმა.

 

Template Design © Joomla Templates | GavickPro. All rights reserved.