საქართველოს ჟურნალისტთა დამოუკიდებელი ასოციაცია

გაწევრიანდი!

„პალიტრა მედია“ პრემიერის განცხადება არაკორექტულსა და მიუღებელს უწოდებს

„პალიტრა მედია“ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მიერ 24 ოქტომბერს მარტვილში გაკეთებულ შეფასებასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას ავრცელებს. კერძოდ, საუბარია პრემიერის სიტყვებზე, რომ „ყველა მედიასაშუალება მხოლოდ ნეგატივზეა ორიენტირებული და მიყვება ჯალათებისა და სადისტების დღის წესრიგს“.

„ჩვენი აზრით, საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელის მხრიდან ემოციურ განცხადებაში „ყველა მედიასაშუალების“ ერთ კონტექსტში მოხსენიება და ჯალათებისა და სადისტების დღის წესრიგთან გაიგივება, რბილად რომ ვთქვათ, არაკორექტული და მიუღებელია.

„პალიტრა მედიის“ არსებობის 20 წლის მანძილზე ჩვენი მთავარი პრინციპი მკითხველისთვის, მსმენელისთვის თუ მაყურებლისთვის ობიექტური და გადამოწმებული ინფორმაციის მიწოდებაა. სწორედ ამ პრინციპმა განსაზღვრა, რომ 20 წლის განმავლობაში „პალიტრა მედია“ საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ მედიასახლად ჩამოყალიბდა.

ამ გზიდან „პალიტრა მედიას“ არასოდეს გადაუხვევია, მიუხედავად წინა ხელისუფლების მხრიდან არაერთი ზეწოლისა (მათ შორის ძალოვანი და საგადასახადო ორგანოების გამოყენებითაც) იმ მიზნით, რომ სწორედ მათ დღის წესრიგს გავყოლოდით.

ასევე ვთვლით, რომ სწორედ თავისუფალმა მედიამ შეასრულა გადამწყვეტი როლი იმ მოვლენების გამოაშკარავებასა და გაშუქებაში, რამაც 2012 წელს არჩევნების შედეგად პოლიტიკური რეალობა შეცვალა.

არავის უნდა დაავიწყდეს, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოში მოქალაქეები ხელისუფლებაზე და ზოგადად, ქვეყანაში მიმდინარე პროცესზე საზოგადოებრივ კონტროლს სწორედ თავისუფალი და დამოუკიდებელი მედიის საშუალებით ახორციელებენ. 

„პალიტრა მედიაში“ შემავალი ვერც ერთი მედიასაშუალება ვერ აუვლის გვერდს კრიტიკას, მათ შორის ხელისუფლებისას. მეტიც, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს უნდა იყოს მამოძრავებელი ძალა მთავრობის საქმიანობის გასაუმჯობესებლად. 

ჩვენ გვეამაყება, რომ ვაგრძელებთ 20 წლის წინ არჩეულ გზას და შევეცდებით ბეჭდური თუ ინტერნეტგამოცემების მკითხველს, რადიომსმენელს თუ ტელემაყურებელს დაუფარავად და ობიექტურად ვაჩვენოთ მხოლოდ რეალობა – ცუდიც და კარგიც“, – ნათქვამია განცხადებაში.