Logo

„რუსთავი 2“-ის გენდირექტორმა  ოჯახის სამთავრობო დაცვაზე უარი თქვა

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი მის მიერ ხელისუფლების წარმომადგენლის მხრიდან შანტაჟის შესახებ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით მთავარ პროკურატურაში დაკითხეს. დაკითხვაზე 2 საათისა და 40 წუთს გაგრძელდა. გვარამიას თან ახლდა საია-ს ადვოკატი ლევან ვეფხვაძე.

„შეკითხვები ეხებოდა იმ ფაქტებს, რომელიც ეთერში მოისმინეთ, ადამიანს, ვინც ამაზე ისაუბრა მე სრული ინფორმაცია მივაწოდე პროკურატურას, მათ შორის ვიდეოჩანაწერები, ახლა გამოძიების საკითხია, თუმცა სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ გამოძიება არ წარიმართება, მიუხედავად ჩემი ღრმა პატივისცემისა იმ გამომძიებლის მიმართ, რომელმაც დამკითხა, აქ კიდევ მეორე საქმეა „რუსთავი 2“-სა და ჩემი მონაწილეობით, ფარული მიყურადების, მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი ნათელია, გამოძიება ერთი ნაბიჯით წინ არ წასულა. იგივე ბედი ეწევა ამ საქმესაც, წინააღმდეგ შემთხვევაში ხელისუფლებამ თავისი თავი უნდა დასაჯოს, ეს არ მოხდება, მოვა დრო, როდესაც ამ კითხვებზე პასუხი გაეცემა, ყოველთვის ბადაშვილის არ იქნება ეს უწყება. შემოთავაზებული იყო სპეციალური დაცვის ღონისძიებები ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის, ეს იგივეა, რომ მგელმა დაიცვას ცხვარი, მე ჩემს ოჯახს ამ ხელისუფლებისგან ვიცავ, ვაპირებ მათ გახიზვნას აშშ-ში, არ ვგეგმავ, რომ ის ვისგანაც ყველაზე დიდი საფრთხე მოდის, ის ავიყვანო დაცვად. ცხადია, რომ ამაზე უარი ვთქვი,“ – განაცხადა ნიკა გვარამიამ. 

მან სამართალდამცველებს წარუდგინა ვიდეომასალა, სადაც ასახულია პირი, რომელიც სამაუწყებლო კომპანიაში გუშინ მოვიდა და ნიკა გვარამიას ხელისუფლების მუქარის შემცველი განცხადება გააცნო, რომ თუ ის არ ჩამოშორდებოდა „რუსთავი 2“-ის მართვას, მაშინ მისი პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალა და სატელეფონო საუბრები გასაჯაროვდებოდა.

Template Design © Joomla Templates | GavickPro. All rights reserved.