საქართველოს ჟურნალისტთა დამოუკიდებელი ასოციაცია

გაწევრიანდი!

პრემიერი „რუსთავი 2“-ზე:  „ჩვენი ჩართულობა ამ საქმეში აბსოლუტურად გამორიცხულია“

„ჩვენთვის მთავარი პრინციპი არ იცვლება – ეს არის მედიის თავისუფლება“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„ჩვენი ჩართულობა ამ საქმეში აბსოლუტურად გამორიცხულია და ყველას მოვუწოდებ, დამოუკიდებელ, თავისუფალ სასამართლოს მიეცეს საშუალება, მიიღოს ობიექტური გადაწყვეტილება. ამის შემდეგ მხარეებს ექნებათ უფლება და საშუალება, ეს საქმე ბოლომდე მიიყვანონ. ჩვენ უზრუნველვყოფთ მშვიდ და სტაბილურ გარემოს ყველგან და არც ერთ მხარეს არ მივცემთ რაიმე პროვოკაციის საშუალებას“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

მთავრობის მეთაური ასევე გამოეხმაურა „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის განცხადებას და აღნიშნა, რომ ინფორმაცია, საქმეზე გამოძიების დაწყების შესახებ, მთავარი პროკურორისგან გუშინვე მიიღო.

პრემიერმა კომენტარი წამების ამსახველი ვიდეომასალის გავრცელებასთან დაკავშირებითაც გააკეთა და განაცხადა, რომ წამების მსხვერპლი არიან ჩვეულებრივი ადამიანები, რომელთაც არავითარი დანაშაული არ ჩაუდენიათ.

„ჩემთვის გასაკვირია, რომ აქცენტები კეთდება არა იმაზე, რაც ხდება ვიდეოებში, არამედ იმაზე, როგორ გავრცელდა ისინი და რატომ არ გაანადგურა შსს-მ. ასეთი მასალის განადგურება არავის შეუძლია, ეს მასალა დევს საქმეში, ინახება პროკურატურაში და ასლები გადაეცა, როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარეს. ჩემი შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს ჩვენ შეგნებულად გადავწყვიტეთ, რომ ამ ვიდეოების გავრცელება არ შეიძლებოდა, რომ არ გამოწვეულიყო საყოველთაო აგრესია „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების მისამართით, ჩვენ ისევ ეს ადამიანები დავიცავით“, – განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ფარული ჩაწერებისა და მიყურადების ეპოქა სამი წლის წინ დასრულდა.

„ჩემი შინაგან საქმეთა მინისტრობისას, ბიძინა ივანიშვილის დავალებით, ჩვენ შევქმენით კომისია, რომელშიც შევიყვანეთ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ომბუდსმენი და საჯაროდ გავანადგურეთ ათასობით უკანონოდ მოპოვებული ვიდეო თუ აუდიოჩანაწერი. ეს ეპოქა წარსულს ჩავაბარეთ და ჩვენი ხელისუფლების პირობებში, აღარასოდეს დაბრუნდება“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაური ასევე „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისებთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და შინაგან საქმეთა მინისტრს წესრიგის უზრუნველყოფისკენ მოუწოდა.

„კანონის ფარგლებში უნდა მოხდეს პროტესტის გამოხატვა. ჩვენ უზრუნველვყოფთ დემოკრატიულ სივრცეს და ყველა ადამიანს აქვს კანონის ფარგლებში გამოხატვის თავისუფლება“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.