საქართველოს ჟურნალისტთა დამოუკიდებელი ასოციაცია

გაწევრიანდი!

„რუსთავი 2“-ს ტენდენციურობაში ადანაშაულებენ

ადამიანის უფლებათა ცენტრი ეხმაურება „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო გადაცემა „კურიერის“ მიერ 9 ოქტომბერს მომზადებულ სიუჟეტს - „2012 წელს გათავისუფლებული ახმედ ჩატაევი აშშ-მ გლობალურ ტერორისტთა სიაში შეიყვანა“. 

სიუჟეტის პათოსის თანახმად, ახმედ ჩატაევი 2012 წლის აგვისტოს სპეცოპერაციისას დააკავეს, როგორც ტერორისტი, მაგრამ ახალმა ხელისუფლებამ იგი პატიმრობიდან გაათავისუფლა. სიუჟეტში ასევე ითქვა, რომ ჩატაევის გათავისუფლებას ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია და უფლებადამცველიც მოითხოვდა. მათ შორის „რუსთავი 2“-მა ხაზგასმით გამოყო სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი, რომელიც 2012 წელს ადამიანის უფლებათა ცენტრს ხელმძღვანელობდა. 

თემაზე მუშაობისას „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტს ადამიანის უფლებათა ცენტრმა სრული ინფორმაცია მიაწოდა, თუ რა ბრალდებით იყო დაკავებული ახმედ ჩატაევი და რამდენად უსაფუძვლო იყო ეს ბრალდება. კერძოდ, ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმსრულებელმა დირექტორმა ჟურნალისტს განუცხადა, რომ ჩატაევი არ იყო იმ დაჯგუფების წევრი, რომელიც 2012 წლის აგვისტოში ლოპოტას ხეობაში გადაადგილდებოდა. პირიქით, ჩატაევი დაახლოებული იყო მაშინდელი შსს-ს ყველაზე გავლენიანი დეპარტამენტის - კუდ-ის მაღალჩინოსნებთან, რომლებმაც იგი 28 აგვისტოს ლოპოტას ხეობაში მოსალაპარაკებლად გაგზავნეს. თუმცა, იმ დროს, როცა სპეცრაზმმა ხეობაში მყოფი დაჯგუფების ლიკვიდაციის ბრძანება მიიღო,  სამიზნე ახმედ ჩატაევიც გახდა. იგი მძიმედ დაიჭრა ფეხში და თავს გაქცევით უშველა. 10 დღის შემდეგ კი მესაზღვრეებს ჩაბარდა, რომლებმაც იგი სამართალდამცველ ორგანოებს გადასცეს. პროკურატურამ ბრალად ასაფეთქებელი მოწყობილობის უკანონოდ ტარება წაუყენა. ჩატაევი უარყოფდა ყოველგვარი საბრძოლო მასალის ფლობას, რადგან მისი მიზანი არ იყო მესაზღვრეებისთვის წინააღმდეგობის გაწევა, პირიქით - მას ესაჭიროებოდა სასწრაფო დახმარება, რადგან ფეხზე მიყენებული ჭრილობა მის სიცოცხლეს საფრთხეს უქმნიდა. გამოძიების მსვლელობისას, 2012 წლის არჩევნების შემდგომ, ბრალდების მხარის მთავარმა მოწმეებმა - მესაზღვრეებმა დაადასტურეს, რომ შსს-ს მოთხოვნით ჩატაევის წინააღმდეგ იძულებით მისცეს ჩვენებები და სინამდვილეში დაკავებულს იარაღი ან საბრძოლო მასალა არ ჰქონია. პროკურატურამ ჩატაევი გაათავისუფლა ბრალდების უსაფუძვლობის გამო.

ჩატაევის მიმართ წაყენებულ უსაფუძვლო ბრალდებებთან დაკავშირებით  „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტმა ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის ვრცელი კომენტარი ჩაწერა და მისგან წერილობითი სახითაც მიიღო ინფორმაცია. ჟურნალისტმა იცოდა, რომ ჩატაევს ტერორიზმში ბრალი წაყენებული არ ჰქონია. ამის მიუხედავად, სიუჟეტში იგი მაინც დაბეჯითებით ითხოვდა პასუხს კითხვაზე: „რატომ გათავისუფლდა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან ტერორისტულ საქმიანიანობაში ეჭვმიტანილი ჩატაევი“. სიუჟეტი სწორედ ასე დასრულდა - მრავლისმეტყველი კითხვის ნიშნით და ქვეტექსტით, რომ დღეს მოქმედი სახალხო დამცველი და ადამიანის უფლებათა ცენტრი ტერორისტს იცავდნენ და ხელისუფლებას მის გათავისუფლებაში დაეხმარნენ.  

„რუსთავი 2“-ის პოლიტიზებული სიუჟეტი ემსახურებოდა ერთი პოლიტიკური პარტიის - „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებს, რომელიც დღემდე ამართლებს ამ პარტიის წარმომადგენელთა ხელისუფლებაში ყოფნისას ჩადენილ დანაშაულებს, მათ შორის - ათასობით ადამიანის უკანონო დაპატიმრებებს. ახმედ ჩატაევი სწორედ ერთ-ერთი იყო იმ ათასებს შორის, რომლის უფლებების უხეშ დარღვევებს აპროტესტებდა ადამიანის უფლებათა ცენტრი და მოითხოვდა მის გათავისუფლებას. 

ის ფაქტი, რომ ახმედ ჩატაევი ახლახან აშშ-მ ტერორისტთა სიაში შეიყვანა, არანაირად არ ეხება 2012 წლის სექტემბერში მის მიმართ უკანონოდ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეს და ბრალდებებს, რაც ძალიან კარგად ესმის „რუსთავი 2“-საც და მის დამკვეთ „ნაციონალურ მოძრაობასაც“. სხვა შემთხვევაში, ტელევიზია გვერდს არ აუვლიდა 2012 წელს ახმედ ჩატაევისა და მაშინდელი შსს-ს მაღალჩინოსნების ურთიერთთანამშრომლობის ფაქტს და ასევე, ყურადღებას გაამახვილებდა ლაფანყურის სისხლიანი სპეცოპერაციის გამოძიების აუცილებლობაზეც, რასაც ადამიანის უფლებათა ცენტრი და სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილი წლებია, უშედეგოდ მოითხოვს.