საქართველოს ჟურნალისტთა დამოუკიდებელი ასოციაცია

გაწევრიანდი!

ფარული ჩანაწერი: ჟურნალისტს ჩვენების შეცვლას აიძულებენ

30 სექტემბერს, ქობულეთში, აჭარის ტელევიზიის ქობულეთის ბიუროს ავტომანქანა გაიტაცეს. ამის შესახებ პოლიციას ტელევიზიის ჟურნალისტმა, ნინო ინაიშვილმა შეატყობინა. შეტყობინებიდან გარკვეულ პერიოდში, დაახლოებით ღამის 10 საათიდან სამი საათის განმავლობაში ჟურნალისტი  პოლიციის შენობაში იმყოფებოდა. ჟურნალისტი დაკითხეს, სადაც ის მოყვა თუ როგორ გაიტაცეს მანქანა.

დაკითხვიდან გამოსულ ჟურნალისტს სამმართველოს ეზოში დახვდა ქობულეთის პოლიციის უფროსი - ზაქარია გურჩიანი და მას ჩვენების შეცვლა სთხოვა. პოლიციის უფროსთან ერთად პოლიციის ეზოში იმყოფებოდნენ სავარაუდო ბრალდებულის ახლობელი და მისივე ადვოკატი.

ავტომანქანა, რომელიც აჭარის ტელევიზიის სარგებლობაშია, ქობულეთში გუშინ, 30 სექტემბერს გაიტაცეს და დაამტვრიეს. სავარაუდო გამტაცებელი ქობულეთის გამგებლის მოადგილის, რატი მეგრელიძის ნათესავია. ჟურნალისტთან საუბარში ზაქარია გურჩიანი ამბობს, რომ „მეგობარმა“, „ახლობელმა“ დაურეკა ამ საქმეზე. ჩანაწერის მიხედვით დასტურდება, რომ ზაქარია გურჩიანი თითქმის 20 წუთის განმავლობაში არ იშურებს ძალისხმევას ჟურნალისტი დაითანხმოს ჩვენების შეცვლაზე.

„ბათუმელები“ წერს, რომ ჟურნალისტ ნინო ინაიშვილის მიმართ სხვადასხვა პირის მიერ სხვადასხვა სახის ზეწოლა ხორციელდებოდა. მისგან ყველა ერთ რამეს - ჩვენების შეცვლას ითხოვდა.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, პოლიციისთვის ცნობილია სავარაუდო ბრალდებულის ზუსტი ვინაობა, მაგრამ, ჯერჯერობით, ის არ დაუკავებიათ. გატაცების ფაქტს არაერთი თვითმხილველი ჰყავს.

ფარული ჩანაწერი იხილეთ მისამართზე  http://www.batumelebi.ge/GE/batumelebi/news/50504/