საქართველოს ჟურნალისტთა დამოუკიდებელი ასოციაცია

გაწევრიანდი!

სიახლეები

  • ავტორი: Besik Maminaishvili
  • კატეგორია: Main
  • გადასვლები: 17529

ყარამანიშვილები გვარამიას ინიციატივით დაფუძნებულ შპს-ს წილს არ გადასცემენ

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მფლობელები, ძმები ლევან და გია ყარამანიშვილები მორიგ განცხადებას ავრცელებენ „რუსთავი 2“-ის წილების განაწილების საკითხზე და უკმაყოფილებას გამოთქვამენ იმის გამო, რომ ტელევიზიამ მათ განცხადებას უმნიშვნელო დრო დაუთმო და ფართოდ გააშუქა ტელევიზიის დირექტორის მიერ მოწვეულ თათბირი, რომლის ჩანაწერიც ღამის ეთერში გავიდა.

  • ავტორი: Besik Maminaishvili
  • კატეგორია: Main
  • გადასვლები: 15196

აქიმიძე და დვალი ხელისუფლებას „რუსთავი 2“-ის საქმეში ნაცმოძღაობასთან გარიგებაში ადანაშაულებენ

„რუსთავი 2“-ს დამფუძნებლებმა - ჯარჯი აქიმიძემ და დავით დვალმა ტელეკომპანიის გარშემო მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით საგანგებო განცხადება გაავრცელეს. ისინი ამ პროცესებს „ნაქურდალის კიდევ ერთხელ გადანაწილებად“ მიიჩნევენ, ქიბარ ხალვაშს კი, რომელსაც უზენაესმა სასამართლომ „რუსთავი 2“ მიაკუთვნა, ტელეკომპანიის „შუალედურ დროებით მფლობელად“ მოიხსენიებენ.

  • ავტორი: Besik Maminaishvili
  • კატეგორია: Main
  • გადასვლები: 12956

ლევან ყარამანიშვილი მზადაა „რუსთავი 2“-ის საკონტროლო პაკეტი არხის თანამშრომლებს გადასცეს

\"\"ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის 91 პროცენტის მფობელმა ლევან ყარამანიშვილმა გადაწყვეტილება მიიღო, რომ იგი მზად არის არხის კოლექტივს ტელეკომპანია „საქართველოს“ 51 პროცენტი გადასცეს. თავის მხრივ, ტელეკომპანია „საქართველო“ „რუსთავი 2“-ის 51 პროცენტის მფლობელია. ამით, იგი ტელეკომპანიის დირექტორის ნიკა გვარამიას გუშინდელ ბრიფინგს გამოეხმაურა, რომელიც მან ყარამანიშვილის შეთავაზების საპასუხოდ გამართა.


ყარამანიშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს, რომ ტელეკომპანიის მართვა მთლიანად კოლექტივის ხელში გადავა:

„არ გვინდა საზოგადოება და ჩვენი კოლექტივი დავღალოთ იურიდიული ნიუანსებით. თუ საუბარია ჩვენი ინიციატივის სანდოობაზე, უსაფუძვლო ეჭვების გასაქარწყლებად, ვადასტურებთ, რომ მზად ვართ, კოლექტივს გადავცეთ 51% ტელეკომპანია „საქართველოში“, რომელიც თავის მხრივ არის „რუსთავი 2“-ის 51%-ის მესაკუთრე“.

ლევან ყარამანიშვილი ამბოს, რომ მას სურს ამით დასრულდეს საჯარო დისკუსია და პროცესი გადაიზარდოს კონსულტაციების საქმიან რეჟიმში:

„საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ჩვენი ინიციატივა იყო „რუსთავი 2“-ის მთელი კოლექტივისთვის ტელეკომპანიაში ჩვენი წილების უსასყიდლოდ გადაცემა. გაკვირვებული ვართ, რომ ამ შეთავაზების პასუხად მივიღეთ ერთგვარი ულტიმატუმი, რომ გადაგვეცა არა შეთავაზებული 40%, არამედ ტელეკომპანიის საკონტროლო პაკეტი, ისიც, როგორც ჩანს, მხოლოდ კოლექტივის ერთი ნაწილისთვის.

ჩვენი გუშინდელი ინიციატივა არის არა ფიქცია, როგორც ეს ბრიფინგზე ითქვა, არამედ რეალური გზა იმისკენ, რომ ყველა თანამშრომელმა დამსახურებულად მიიღოს კონკრეტული ფინანსური სარგებელი როგორც კი ტელეკომპანია გავა მოგებაზე, რისი ყველა წინაპირობა არსებობს ივანიშვილის მხრიდან ტელეკომპანიის დევნის შეწყვეტის შემდეგ.

გაუგებარია, თუ რას გულისხმობდა გენერალური დირექტორი, როცა საუბრობდა იმაზე, რომ ჩვენი შეთავაზება „პრაქტიკულად არ ცვლის საქმის ვითარებას“. რის შეცვლაზეა საუბარი? ჩვენ არასდროს ჩავრეულვართ ტელეკომპანიის სარედაქციო პოლიტიკაში, რომელსაც ყოველთვის თავად მენეჯმენტი და ჟურნალისტები განსაზღვრავდნენ. ეს ასე იქნება მომავალშიც“. 

 

  • ავტორი: Besik Maminaishvili
  • კატეგორია: Main
  • გადასვლები: 11431

გვარამია ყარამანიშვილებს საკონტროლო პაკეტს სთხოვს

„რუსთავი 2“–ის თანამშრომლებმა უარი უთხრეს ტელეარხის მფლობელებს, ძმებ ყარამანიშვილებს მათთვის მხოლოდ 40–პროცენტიანი წილის გადაცემაზე. თანამშრომლების სახელით მფლობელებს გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ მიმართა. 

  • ავტორი: Besik Maminaishvili
  • კატეგორია: Main
  • გადასვლები: 11377

ძმები ყარამანიშვილები მზად არიან, თანამშრომლებს „რუსთავი 2“–ის წილის 40% გადასცენ

\"\"ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ის წილის 91 პროცენტის მფლობელი ძმები, ლევან და გია ყარამანიშვილები აცხადებენ, რომ მზად არიან, წილის 40 პროცენტი გადასცენ ტელევიზიის თანამშრომლებს. გთავაზობთ მათ განცხადებას უცვლელად:


„მივმართავთ „რუსთავი 2“-ის კოლექტივს, მის თითოეულ თანამშრომელს.

მეგობრებო, თქვენი როლი საქართველოში დემოკრატიისა და სიტყვის თავისუფლებისთვის ბრძოლაში შეუფასებელია. რომ არა თქვენი ყოველდღიური თავდადება, დღეს „რუსთავი 2“ აღარ იარსებებდა, ან უკვე გადაქცეული იქნებოდა ივანიშვილის პირად, პროპაგანდისტულ არხად. ის, რაც თქვენ შეძელით ბოლო ორი წლის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც ივანიშვილის შეტევა ტელევიზიის ხელში ჩასაგდებად ღია ფაზაში შევიდა, არის სამოქალაქო გმირობა, რომელიც შევა საქართველოს ისტორიაში.

კარგად ვაცნობიერებთ, თუ რა სიმამაცე და ტიტანური შრომა დგას ამ ყველაფრის უკან. გვინდა, დიდი მადლობა გადავუხადოთ თითოეულ თქვენგანს ამისთვის! თქვენი ბრძოლის შედეგად, „რუსთავი 2“ გადაიქცა ჭეშმარიტად სახალხო ტელევიზიად. სწორედ თქვენი პროფესიონალიზმის, პატრიოტიზმისა და პრინციპულობისადმი პატივისცემისა და მადლიერების ნიშნად, ტელეკომპანიის მფლობელებმა გადავწყვიტეთ, შემოგთავაზოთ შემდეგი:

ჩვენი წილები ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ში (40%) უსასყიდლოდ გადაეცეს ტელეკომპანიის კოლექტივს, რათა თქვენ უკვე მფლობელების რანგში გახდეთ ტელევიზიის სამომავლო ბედის განმსაზღვრელი და თანამონაწილე.

მოგეხსენებათ, ამჟამად ჩვენი წილები დაყადაღებულია, მაგრამ მზად ვართ, შესაბამისი ხელშეკრულებები დავდოთ ახლავე, იმ პირობით, წილის გადმოცემა ძალაში შევა ყადაღის მოხსნისთანავე.

„რუსთავი 2“-ში ამჟამად დასაქმებულია ათასამდე ადამიანი, რომელთა ხელფასები მერყეობს თვეში 500-დან 60,000 ლარამდე. მიუხედავად თანამდებობისა და ანაზღაურების ოდენობისა, ყოველი მათგანის კონტრიბუცია ტელეკომპანიის ფუნქციონირებაში უნიკალური და ფასდაუდებელია. მოგმართავთ თხოვნით, დავიწყოთ კონსულტაციები, რათა არავის ღვაწლი არ დარჩეს უღიარებელი და წილები კოლექტივს გადაუნაწილდეს ღიად და სამართლიანად.“

 

  • ავტორი: Besik Maminaishvili
  • კატეგორია: Main
  • გადასვლები: 11141

ელისო კილაძე: „ჩემს შვილს ორი პაკეტი ჩაუდეს“

\"\"გუშინ საღამოს საბურთალოს ტერიტორიაზე ჟურნალისტ ელისო კილაძის ვაჟი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია თავად ჟურნალისტმა, საკუთარ ფეისბუქ გვერდზე გაავრცელა. იგი ამ დაკავებას მის მიერ პოლიციის მთავრ სამართველოში არსებულ დანაშაულებრივი სიტუაციის გამოვლენას უკავშირებს. ელისო კილაძემ „ქრონიკა+“-ის ვებ გვერდზე, რამდენიმე დღის წინ სტატია განათავსა. სადაც, ასევე წერს რომ მის მოსყიდვას ცდილობდნენ. 


ელისო კილაძის ვაჟს 260-ე მუხლის I ნაწილის დარღვევას ედავებიან. ჟურნალისტი აცხადებს, რომ მის შვილს ნარკოტიკი ჩაუდეს.

„დაკავებისას რაღაც ორი პაკეტი ჩაუდეს. არ მისცეს ზარის განხორციელების უფლება, ჩხრეკას არ დაასწრეს არავინ. ნარკოლოგიურის ექიმმა ვიზუალური დათვალიერებით ნარკოტიკული თრობა გამორიცხა, რაკი მოწმეებზე უარი უთხრეს, შარდის ანალიზი არ ჩააბარა. ადვოკატის მისვლის მერე თავად მოითხოვა და ჩააბარა ანალიზი ორჯერ. ორჯერვე სუფთა იყო-მესამე ანალიზისთვის გაგზავნილია ექსპერტიზაზე. 

ორი პაკეტი არის რაღაც ფხვნილი და აბები. ექსპერტიზა ჯერ არ ჩატარებულა, ამიტომ სრულიად გაუგებარია, რატომ დაიწყეს გამოძიება 260-ე მუხლით. მადლობელი ვარ, რომ ციანიდი არ ჩაუდეს, არც კიევი-თბილისის ბილეთი ჰქონდა. ვიცი რა ბრძოლაშიც ვიყავი, ველოდი, მე და ჩემს შვილს ამ თემაზე ხშირად გვილაპარაკნია. მხნედაა-მზადაა ბრძოლისთვის. 

p.s. ორივე ინფორმატორის ვინაობა ვიცი, ვიცი როგორ დაიგეგმა და მზადდებოდა „სპეცოპერაცია“, რატომ იყო ის უბანი დილიდან პოლიციელებით სავსე“, - წერს ელისო კილაძე საკუთარ „ფეისბუქ“ გვერდზე.

  • ავტორი: Besik Maminaishvili
  • კატეგორია: Main
  • გადასვლები: 9363

ელისო კილაძის შვილი დააკავეს

გაზეთ „ქრონიკა პლუსის“ მთავარი რედაქტორის ელისო კილაძის შვილი დავით ხარშილაძე დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით უკვე წარედგინა, რაც ნარკოტიკული საშუალების შეძენას, შენახვას, დამზადებას, გადაგზავნასა და გასაღებას გულისხმობს. 


\"\"კილაძე შვილის დაკავებას მის ჟურნალისტურ საქმიანობას უკავშირებს. მისივე თქმით, მის შვილს გაურკვეველი ნივთიერება ჩხრეკისას ჩაუდეს. 

ხარშილაძის ადვოკატი პროცედურულ დარღვევებზე საუბრობს და ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ როგორც ფიზიკური ასევე სიტყვიერი შერაცხყოფა განხორციელდა. 

დაკავებული ამ დრომდე დიღმის სამმართველოში იმყოფება. ის ომბუდსმენის რწმუნებულმა მოინახულა. 

 

  • ავტორი: Besik Maminaishvili
  • კატეგორია: Main
  • გადასვლები: 9401

კვირიკაშვილი მედია ომბუდსმენის ინსტიტუტის შექმნის ინიციატივით გამოდის

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მედია ომბუდსმენის ინსტიტუტის  შექმნის ინიციატივით გამოდის, რომელიც მედია გარემოს და მის განვითარებას დააკვირდება. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების კომენტირებისას, რომელმაც „რუსთავი 2“-ის საქმეზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2 მარტის გადაწყვეტილების აღსრულება დროებით შეაჩერა. გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ მთავრობა პატივს ცემს ამ გადაწყვეტილებას, ისევე როგორც პატივს ცემს „ევროპული ინსტიტუტების გადაწყვეტილებებს, რეკომენდაციებს და მოსაზრებებს, რითაც მათ განსაკუთრებული წვლილი შეაქვთ ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში“.


\"\"მედია ექსპერტების და არასამთავრობო ორგანიზაციების ჯგუფთან შეხვედრაზე საუბრისას პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ხელისუფლებამ „საქმით დაამტკიცა დემოკრატიული ღირებულებებისადმი ერთგულება, რაც საერთაშორისო დემოკრატიული ინსტიტუტების მიერ არაერთხელ იქნა აღიარებული. ამაზე მიუთითებს საერთაშორისო რეიტინგებიც“.

მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებების დაცვა, მათ შორის, სიტყვისა და აზრის გამოხატვის თავისუფლება, სასამართლოს დამოუკიდებლობა „ჩვენი მთავრობის პოლიტიკის შედეგია და ქვეყნის და ხალხის მთავარი მონაპოვარია, რისი მტკიცედ დაცვა და შენარჩუნებაც ჩვენი ძირითადი პრიორიტეტია“.

კვირიკაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობა „დემოკრატიული სახელმწიფოს ერთ-ერთი ფუნდამენტია და მის საქმიანობაში ჩარევა და მისი გადაწყვეტილებების უპატივცემულობა სრულიად დაუშვებლად მიგვაჩნია, ისევე, როგორც - სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა“.

„აღნიშნული ღირებულებებით ხელმძღვანელობენ ჩვენი ევროპელი მეგობრები და პარტნიორები, ასეთია ევროპული დემოკრატიის საფუძველი და სწორედ ასეთი სახელმწიფოს აშენებაში მხარდაჭერას და გვერდში დგომას ველით ჩვენი ევროპელი პარტნიორებისაგან“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მან ასევე განაცხადა, რომ „საკუთრების დაცვისა და სასამართლოს, როგორც უმნიშვნელოვანესი სახელმწიფო ინსტიტუტის დამოუკიდებლობის დაცვის პარალელურად, არ უნდა შეილახოს არც ერთი ფუნდამენტური უფლება“.

„მართლაც, პირველ რიგში სწორედ ჩვენი, ხელისუფლების ინტერესშია, დაცული იყოს ჩვენივე მთავარი მონაპოვარი - სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება და მედია პლურალიზმი. ამიტომ, არ უნდა არსებობდეს არანაირი კითხვის ნიშანი ამ საკითხთან დაკავშირებით“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

„სწორედ ამიტომ, გამოვდივარ ინიციატივით, ჩამოვაყალიბოთ მედია ომბუდსმენის ინსტიტუტი, სადაც მოწვეული იქნებიან მსოფლიოში ყველაზე მაღალი რეპუტაციის მქონე მედიის უფლებადამცველები“, - განაცხადა მან და დასძინა, რომ „ამ ინსტიტუტმა მუდმივად უნდა აწარმოოს ჩვენს ქვეყანაში მედიაგარემოსა და მის განვითარებაზე დაკვირვება, მონიტორინგი და ეს უნდა შეეხოს როგორც „რუსთავი 2“-ის ირგვლივ არსებულ ვითარებას, ისე - საზოგადოებრივ მაუწყებელში და ზოგადად მედიასივრცეში მიმდინარე პროცესებს“. 

კვირიკაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ ხელისუფლება „ღიაა თანამშრომლობისთვის“ და ევროპელი მედია ექსპერტები თანამშრომლობისთვის მოიწვია.

„ჩვენ დაინტერესებული ვართ ჩვენი ინსტიტუტების დაცვით და მათი გაძლიერებით და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენი ქვეყნის განვითარება სწორედ ევროპულ და დემოკრატიულ ღირებულებებზე იყოს დაფუძნებული“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

  • ავტორი: Besik Maminaishvili
  • კატეგორია: Main
  • გადასვლები: 9734

სტრასბურგის სასამართლომ „რუსთავი 2“-ის შესახებ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება შეაჩერა

ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ 3 მარტს მიიღო გადაწყვეტილება, რომ „რუსთავი 2“-ის საქმეზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2 მარტის გადაწყვეტილების აღსრულება დროებით შეაჩეროს. ამ გადაწყვეტილებით სასამართლომ ტელეკომპანიის საკუთრების უფლება მის ყოფილ მფლობელს მიაკუთვნა. 


სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება პირველად ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ 3 მარტს გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე გააჟღერა. 

წინა დღეს, უზენაესი სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისთანავე, გვარამიამ განაცხადა, რომ „რუსთავი 2“-ის ადვოკატები შუალედურ ღონისძიებას მოითხოვენ, რაც ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებული საბოლოო გადაწყვეტილებების აღსრულების დროებითი შეჩერების მექანიზმს წარმოადგენს. 

სასამართლოს ორგვერდიანი წერილი, რომელიც მოკლედ აღწერს მოსამართლის გადაწყვეტილებას, „რუსთავი 2“-ის ვებგვერდზე გვარამიას ბრიფინგის დასრულებისთანავე გამოქვეყნდა. 

„მხარეთა ინტერესების დაცვისა და სამართლებრივი პროცედურების სათანადო განხორციელების მიზნით, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, რომ შეაჩეროს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 2 მარტის გადაწყვეტილება და თავი შეიკავოს მოსარჩელე კომპანიის სარედაქციო პოლიტიკაში ნებისმიერი გზით ჩარევისგან“, - ნათქვამია სასამართლოს წერილში. 

ამავე წერილის თანახმად, სასამართლომ გადაწყვიტა, რომ „რუსთავი 2“-ის განაცხადს პრიორიტეტულობა მიანიჭოს 41-ე წესის თანახმად, რომელიც სასამართლოს მიერ განსახილველი საქმეების რიგითობას განსაზღვრავს. 

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, რომელმაც საქართველოს მთავრობის სახელით ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე კომენტარი გვარამიას ბრიფინგიდან 2 საათში გააკეთა, აღნიშნა, რომ „პროცედურის დაცვით ჩვენ მივყვებით ამ საქმეს ისე, როგორც გვიწარმოებია ნებისმიერი სხვა საქმე სტრასბურგის სასამართლოში“. 

მან ასევე განაცხადა, რომ სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას „იმასთან დაკავშირებით, გაფართოვდეს თუ არა სასამართლოს პრაქტიკა ამ ფორმით, გამოხატვის თავისუფლების საქმეებზე, გაგრძელდეს თუ არა დროებითი ღონისძიება და შენარჩუნდეს თუ არა ეს გადაწყვეტილება“. 

სტრასბურგის სასამართლოს წესებისა და პროცედურების თანახმად, შუალედური ღონისძიებები შესასრულებლად სავალდებულოა და მხოლოდ გამონაკლისს შემთხვევებში გამოიყენება. სასამართლო მხოლოდ მაშინ იღებს შუალედური ღონისძიების გამოყენების გადაწყვეტილებას წევრი სახელმწიფოს მიმართ, როდესაც, შესაბამისი ინფორმაციის განხილვის შემდეგ, ჩათვლის, რომ განმცხადებელი სერიოზული, შეუქცევადი ზიანის მიღების რეალური რისკის წინაშე დადგება იმ შემთხვევაში, თუ ეს ღონისძიება არ იქნება გამოყენებული.

სტრასბურგში მდებარე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციაში ასახული სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების სავარაუდო დარღვევების შესახებ ინდივიდუალურ თუ სახელმწიფო სარჩელებზე იღებს გადაწყვეტილებებს.

 

მეტი სტატია ...

  1. გვარამია ხალვაშს „რუსთავი 2“-ს დათმობაში 4 მილიონს სთავაზობს
  2. სახალხო დამცველი საზოგადოებრივი მაუწყებლიდან ჟურნალისტის გათავისუფლებას ეხმიანება
  3. 18 არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადება „რუსთავი2“-ის საქმეზე
  4. უზენაესმა სასამართლომ „რუსთავი 2“-ის მეპატრონედ ქიბარ ხალვაში აღიარა
  5. ერაყში ჟურნალისტი პირდაპირი ჩართვისას მოკლეს
  6. ჰაკერული თავდასხმა „გურია ნიუსზე“
  7. „რუსთავი 2“- მა მაუწყებლობა განაახლა
  8. „რუსთავი 2“-მა მაუწყებლობა შეწყვიტა
  9. „ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში 2016“ - გამარჯვებულები და ფინალისტები
  10. მაღლაფერიძის რადიკალური გეგმა
  11. „იბერიას“ ჟურნალისტის ცემის ფაქტზე სამი პირი დააკავეს
  12. საზოგადოებრივი მაუწყებლის გენდირექტორად ვასილ მაღლაფერიძე აირჩიეს
  13. საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის კონკურსის მეორე ტურში 5 კანდიდატი გადავიდა
  14. „იმედის“ განცხადება „მაესტროსა“ და „GDS“-ის ნაწილის შეძენასთან დაკავშირებით
  15. „იმედი“, „GDS“ და „მაესტრო“ ერთიანდება
  16. ჟურნალისტი ცემაში ეჭვმიტანილ პოლიციელს უფლებამოსილება შეუჩერდა
  17. 2016 წელს მსოფლიოში 48 ჟურნალისტი დაიღუპა 
  18. ჟურნალისტი პოლიციას მასზე თავდასხმაში ადანაშაულებს
  19. ჟურნალისტი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაიღუპა
  20. „ფოტოგრაფების საქმე“ გახსნილია