საქართველოს ჟურნალისტთა დამოუკიდებელი ასოციაცია

გაწევრიანდი!

თურქეთში ჟურნალისტები ჯაშუშობის ბრალდებით დააპატიმრეს

„ბიბისის“ ცბობით, თურქმა ძალობნებმა ოპოზიციური გაზეთ „ჯუმჰურიეთის“ მთავარი რედაქტორი ჩან დუნდარი და გამოცემის ანკარის ბიუროს უფროსი ერდემ გიული დააკავეს. მათ ჯაშუშობაში ადანაშაულებენ და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში სამუდამო პატიმრობა ემუქრებათ.

ჟურნალისტების დაკავება „ჯუმჰურიეთში“ მაისში გამოქვეყნებულ სკანდალურ მასალას უკავშირდება, რომლის თანახმად, თურქული სპეცსამსახურები სირიაში მოქმედ შეიარაღებულ მებრძოლებს იარაღს აწვდიდნენ.

მასალის თანახმად, 2014 წლის იანვარში პროვინცია ადანაში სამხედროებმა თურქეთის ეროვნული სადაზვერვო ორგანიზაციის – MIT-ის კუთვნილი სატვირტო მანქანები შეამოწმეს, რა დროსაც იარაღის პარტია აღმოაჩინეს.

თურქეთის ხელისუფლების ვერსიით, სატვირთო მანქანებს სირიაში მცხოვრებ თურქმენებისთვის ჰუმანიტარული დახმარება ჩაჰქონდათ, თუმცა, თურქული მედია ამტკიცებდა, რომ ტვირთი რადიკალი ისლამისტებისთვის იყო განკუთვნილი.

აღნიშნულ მასალას მთავრობის მხრიდან მწვავე რეაქცია მოჰყვა. პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა ჟურნალისტები სახელმწიფო ღალატში დაადანაშაულა და გაზეთის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა.