საქართველოს ჟურნალისტთა დამოუკიდებელი ასოციაცია

გაწევრიანდი!

კვირიკაშვილი მედია ომბუდსმენის ინსტიტუტის შექმნის ინიციატივით გამოდის

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მედია ომბუდსმენის ინსტიტუტის  შექმნის ინიციატივით გამოდის, რომელიც მედია გარემოს და მის განვითარებას დააკვირდება. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების კომენტირებისას, რომელმაც „რუსთავი 2“-ის საქმეზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2 მარტის გადაწყვეტილების აღსრულება დროებით შეაჩერა. გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ მთავრობა პატივს ცემს ამ გადაწყვეტილებას, ისევე როგორც პატივს ცემს „ევროპული ინსტიტუტების გადაწყვეტილებებს, რეკომენდაციებს და მოსაზრებებს, რითაც მათ განსაკუთრებული წვლილი შეაქვთ ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში“.


\"\"მედია ექსპერტების და არასამთავრობო ორგანიზაციების ჯგუფთან შეხვედრაზე საუბრისას პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ხელისუფლებამ „საქმით დაამტკიცა დემოკრატიული ღირებულებებისადმი ერთგულება, რაც საერთაშორისო დემოკრატიული ინსტიტუტების მიერ არაერთხელ იქნა აღიარებული. ამაზე მიუთითებს საერთაშორისო რეიტინგებიც“.

მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებების დაცვა, მათ შორის, სიტყვისა და აზრის გამოხატვის თავისუფლება, სასამართლოს დამოუკიდებლობა „ჩვენი მთავრობის პოლიტიკის შედეგია და ქვეყნის და ხალხის მთავარი მონაპოვარია, რისი მტკიცედ დაცვა და შენარჩუნებაც ჩვენი ძირითადი პრიორიტეტია“.

კვირიკაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობა „დემოკრატიული სახელმწიფოს ერთ-ერთი ფუნდამენტია და მის საქმიანობაში ჩარევა და მისი გადაწყვეტილებების უპატივცემულობა სრულიად დაუშვებლად მიგვაჩნია, ისევე, როგორც - სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა“.

„აღნიშნული ღირებულებებით ხელმძღვანელობენ ჩვენი ევროპელი მეგობრები და პარტნიორები, ასეთია ევროპული დემოკრატიის საფუძველი და სწორედ ასეთი სახელმწიფოს აშენებაში მხარდაჭერას და გვერდში დგომას ველით ჩვენი ევროპელი პარტნიორებისაგან“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მან ასევე განაცხადა, რომ „საკუთრების დაცვისა და სასამართლოს, როგორც უმნიშვნელოვანესი სახელმწიფო ინსტიტუტის დამოუკიდებლობის დაცვის პარალელურად, არ უნდა შეილახოს არც ერთი ფუნდამენტური უფლება“.

„მართლაც, პირველ რიგში სწორედ ჩვენი, ხელისუფლების ინტერესშია, დაცული იყოს ჩვენივე მთავარი მონაპოვარი - სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება და მედია პლურალიზმი. ამიტომ, არ უნდა არსებობდეს არანაირი კითხვის ნიშანი ამ საკითხთან დაკავშირებით“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

„სწორედ ამიტომ, გამოვდივარ ინიციატივით, ჩამოვაყალიბოთ მედია ომბუდსმენის ინსტიტუტი, სადაც მოწვეული იქნებიან მსოფლიოში ყველაზე მაღალი რეპუტაციის მქონე მედიის უფლებადამცველები“, - განაცხადა მან და დასძინა, რომ „ამ ინსტიტუტმა მუდმივად უნდა აწარმოოს ჩვენს ქვეყანაში მედიაგარემოსა და მის განვითარებაზე დაკვირვება, მონიტორინგი და ეს უნდა შეეხოს როგორც „რუსთავი 2“-ის ირგვლივ არსებულ ვითარებას, ისე - საზოგადოებრივ მაუწყებელში და ზოგადად მედიასივრცეში მიმდინარე პროცესებს“. 

კვირიკაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ ხელისუფლება „ღიაა თანამშრომლობისთვის“ და ევროპელი მედია ექსპერტები თანამშრომლობისთვის მოიწვია.

„ჩვენ დაინტერესებული ვართ ჩვენი ინსტიტუტების დაცვით და მათი გაძლიერებით და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენი ქვეყნის განვითარება სწორედ ევროპულ და დემოკრატიულ ღირებულებებზე იყოს დაფუძნებული“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.