Logo

სტრასბურგის სასამართლომ „რუსთავი 2“-ის შესახებ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება შეაჩერა

ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ 3 მარტს მიიღო გადაწყვეტილება, რომ „რუსთავი 2“-ის საქმეზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2 მარტის გადაწყვეტილების აღსრულება დროებით შეაჩეროს. ამ გადაწყვეტილებით სასამართლომ ტელეკომპანიის საკუთრების უფლება მის ყოფილ მფლობელს მიაკუთვნა. 


სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება პირველად ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ 3 მარტს გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე გააჟღერა. 

წინა დღეს, უზენაესი სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისთანავე, გვარამიამ განაცხადა, რომ „რუსთავი 2“-ის ადვოკატები შუალედურ ღონისძიებას მოითხოვენ, რაც ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებული საბოლოო გადაწყვეტილებების აღსრულების დროებითი შეჩერების მექანიზმს წარმოადგენს. 

სასამართლოს ორგვერდიანი წერილი, რომელიც მოკლედ აღწერს მოსამართლის გადაწყვეტილებას, „რუსთავი 2“-ის ვებგვერდზე გვარამიას ბრიფინგის დასრულებისთანავე გამოქვეყნდა. 

„მხარეთა ინტერესების დაცვისა და სამართლებრივი პროცედურების სათანადო განხორციელების მიზნით, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, რომ შეაჩეროს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 2 მარტის გადაწყვეტილება და თავი შეიკავოს მოსარჩელე კომპანიის სარედაქციო პოლიტიკაში ნებისმიერი გზით ჩარევისგან“, - ნათქვამია სასამართლოს წერილში. 

ამავე წერილის თანახმად, სასამართლომ გადაწყვიტა, რომ „რუსთავი 2“-ის განაცხადს პრიორიტეტულობა მიანიჭოს 41-ე წესის თანახმად, რომელიც სასამართლოს მიერ განსახილველი საქმეების რიგითობას განსაზღვრავს. 

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, რომელმაც საქართველოს მთავრობის სახელით ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე კომენტარი გვარამიას ბრიფინგიდან 2 საათში გააკეთა, აღნიშნა, რომ „პროცედურის დაცვით ჩვენ მივყვებით ამ საქმეს ისე, როგორც გვიწარმოებია ნებისმიერი სხვა საქმე სტრასბურგის სასამართლოში“. 

მან ასევე განაცხადა, რომ სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას „იმასთან დაკავშირებით, გაფართოვდეს თუ არა სასამართლოს პრაქტიკა ამ ფორმით, გამოხატვის თავისუფლების საქმეებზე, გაგრძელდეს თუ არა დროებითი ღონისძიება და შენარჩუნდეს თუ არა ეს გადაწყვეტილება“. 

სტრასბურგის სასამართლოს წესებისა და პროცედურების თანახმად, შუალედური ღონისძიებები შესასრულებლად სავალდებულოა და მხოლოდ გამონაკლისს შემთხვევებში გამოიყენება. სასამართლო მხოლოდ მაშინ იღებს შუალედური ღონისძიების გამოყენების გადაწყვეტილებას წევრი სახელმწიფოს მიმართ, როდესაც, შესაბამისი ინფორმაციის განხილვის შემდეგ, ჩათვლის, რომ განმცხადებელი სერიოზული, შეუქცევადი ზიანის მიღების რეალური რისკის წინაშე დადგება იმ შემთხვევაში, თუ ეს ღონისძიება არ იქნება გამოყენებული.

სტრასბურგში მდებარე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციაში ასახული სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების სავარაუდო დარღვევების შესახებ ინდივიდუალურ თუ სახელმწიფო სარჩელებზე იღებს გადაწყვეტილებებს.

 

Template Design © Joomla Templates | GavickPro. All rights reserved.