საქართველოს ჟურნალისტთა დამოუკიდებელი ასოციაცია

გაწევრიანდი!

მაღლაფერიძის რადიკალური გეგმა

\"\"საინფორმაციო გამოშვება „მოამბის“ გარდა, საზოგადოებრივი მაუწყებლის ყველა გადაცემის შეჩერაბას ითვალისწინებს „საზოგადოებრივი მაუწყებლის გარდაქმნისა და განვითარების სამწლიანი სამოქმედო გეგმა“, რომელიც მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა  ვასილ მაღლაფერიძემ 6 თებარვალს პრესკონფერენციაზე  წარმოადგინა. გეგმა  განთავსებულია მაუწყებლის ვებგვერდზეც.


მაღლაფერიძემ განაცხადა, რომ სამოქმედო გეგმის მიზანია საზოგადოებრივ მაუწყებლის კრიზისიდან გამოყვანა და მდგრადი განვითარების საფუძვლის შექმნა.

„დღეს საზოგადოებრივი მაუწყებელი იმყოფება კრიზისში. ის რომ საზოგადოებრივ  მაუწყებელში დალხენილი ვითარება არ არის, ამაზე ყველა ვთანხმდებით. არსებული რეალობაა არასათანადო სამუშაო პირობები და ამორტიზებული შენობა. შეუძლებელია უსაფრთხოების და მათ შორის, სახანძრო ნორმების დაცვა. ის შენობა, რომელშიც ახლა ვიმყოფებით, ექსპერტების შეფასებით, ტექნოლოგიურ ჩარევას ვერ უძლებს, შეუძლებელია  რემონტის გაკეთება, შენობა ამორტიზებულია, ნგრევის პირასაა. როდის მოხდება უბედურება ამ შენობაში, კაცმა არ იცის“, - ახცადებს მაღლაფერიძე.

გეგმაში წერია:

1.მაუწყებლის ყველა პლატფრომაზე ყველა გადაცემისა და ყველა წარმოების შეჩერება საინფორმაციო გამოშვებების გარდა;

2.თანამშრომელთა რაოდენობის ოპტიმიზაცია;

3. გამოთავისუფლებული თანხების მიმართვა მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განსაახლებლად;

4. მაუწყებლის ყველა სეგმენტში კონკურენციის პრინციპზე გადასვლა „

სამოქმედო გეგმის იმ ნაწილში რომელიც არსებულ პრობლემებს ეხება, აღნიშნულია: „კომერციულ მედიაკომპანიებთან კონკურენციაში ყოფნა წარმოადგენს რისკს. მოქნილი ანაზღაურების სისტემა, რეიტინგი და განსხვავებული საკვალიფიკაციო მოთხოვნები მიმზიდველს ხდის კომერციულ მედიას, რაც იწვევს არსებული კარგი კადრის გადინებას. რესურსის სიმცირე და ამოცანების სიმრავლე არაკონკურენტულს ხდის საზოგადოებრივ მაუწყებელს.“

„საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა ნაწილი შესაძლოა ვეღარ შეძლებს ახალი უნარების შეძენას და შესაბამისად, ახალი მოთხოვნების დაკმაყოფილებას.“

თუმცა, იმავე დოკუმენტის თანახმად,  თანამშრომელთა სამსახურიდან დათხოვნა რიგ შემთხვევებში გამოიწვევს ამ ადამიანების სრულიად უშემოსავლოდ დატოვებას.

„ეს მტკივნეული გადაწყვეტილებაა, მათ შორის, როცა საზოგადოებრივ მაუწყებელს აქვს საკუთარი სოციალური პასუხისმგებლობაც. თავის მხრივ, მათი სამსახურში დატოვება გარკვეული თვალსაზრისით ნიშნავს რესურსების იმგვარ ხარჯვას, რაც არ არის ორიენტირებული შედეგზე. აუცილებელია, ამ საკითხთან დაკავშირებით ჩამოყალიბდეს ერთიანი, შეთანხმებული პოზიცია, რომელიც გაზიარებული იქნება როგორც მენეჯმენტის, ისე სამეურვეო საბჭოს მიერ“, - წერია სამოქმედო გეგმაში.

პრესკონფერენციაზე მაღლაფერიძემ ასევე განაცხადა,  რომ  მაუწყებელი საჭიროებს მთლიან გადაიარაღებას, რადგან მისი აღჭურვილობა ტექნიკურად და მორალურადაც ვერ პასუხობს ელემენტარულ მოთხოვნებს. ასაშენებელია ახალი შენობაც.

მისივე თქმით, იმის მიუხედავად, რომ 2006-2016 წლებში მაუწყებელზე 400 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა მისი რეიტინგი მკვეთრად ჩამორჩება წამყვან კომერციულ არხებს და არ აღემატება 2 პროცენტს.

საზოგადოებრივი მაუწყებელი 2004 წელს ჩამოყალიბდა, სახელმწიფო ტელევიზიის სამართლებრივი სტატუსის შეცვლის შემდეგ.  ის აერთიანებს 2 ტელევიზიას და ორ რადიოსადგურს, სადაც დაახლოებით 1000 ადამიანი მუშაობს, მაუწყებელი ოთხივე არხზე ამზადებს დაახლოებით 100 გადაცემას. 

დღესვე,  საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ გაავრცელა განცხადება, რომ  გამომდინარე საკითხის „კომპლექსურობისა და სირთულისგან“, აპირებს  გენერალური დირექტორის გეგმის  შესწავლას და განხილვას. ამისთვის საბჭო გადადგამს შემდეგ ნაბიჯებს:

„უახლოეს დღეებში მოიწვევს საჯარო სხდომას, სადაც მოისმენს დამატებით ინფორმაციას და განმარტებებს გენერალური დირექტორისგან და აღმასრულებელი საბჭოსგან. ამ სხდომის შემდეგ სამეურვეო საბჭო დაგეგმავს შემდგომი კონსულტაციებისა და შეხვედრების ფორმატს.

დაგეგმავს და უახლოეს დღეებში დაიწყებს საჯარო შეხვედრებს მაუწყებლის თანამშრომლებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ფართო საზოგადოების წარმომადგენლებთან.

საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სამეურვეო საბჭოს კარი ღია იქნება ყველა დაინტერესებული პირისთვის.“