საქართველოს ჟურნალისტთა დამოუკიდებელი ასოციაცია

გაწევრიანდი!

„იბერიას“ ჟურნალისტის ცემის ფაქტზე სამი პირი დააკავეს

სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურამ ტელეკომპანია „იბერიას“ ჟურნალისტის გიორგი გასვიანის ცემის ფაქტზე ბორჯომში სამი პირი დააკვა. ბორჯომელი პოლიციელი მიხეილ ხუციშვილი, ასევე მისი მეგობრები პ.კ და ბ. გ სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურამ დღეს დილით სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე და 126-ე მუხლებით დააკავა, რაც ცემასა და მუქარას გულისხმობს.


დაკავებულებს ბრალი ჯერ არ წარდგენიათ და ისინი ამ დროისათვის წინასწარი დაკავების იზოლატორში არიან მოთავსებულნი.

საგამოძიებო უწყებამ დაკავებულების ამოსაცნობად სამცხე-ჯავახეთის სამხარეო სამმართველოს შენობაში, დაზარალებული გიორგი გასვიანიც დაიბარა, თუმცა, როგორც ჟურნალისტი ტელეკომპანია „იბერიას“ ეთერში აცხადებს, დაკავებულებმა ამოცნობის ჩატარებაზე უარი განაცხადეს.

შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია „იბერიას“ ჟურნალისტი გიორგი გასვიანი ბორჯომელ პოლიციელს ცემაში ადანაშაულებს. ინციდენტი 18 დეკემბერს მოხდა, როდესაც ჟურნალისტი, ბორჯომში, სასტუმრო „ქროუნ პლაზაში“ სემინარზე მიდიოდა.