საქართველოს ჟურნალისტთა დამოუკიდებელი ასოციაცია

გაწევრიანდი!

ჟურნალისტური გამოძიების გამო ჟურნალისტი მის პარტნიორთან ერთად მოკლეს

პოპულარული სლოვაკი ჟურნალისტი იან კუკიაკი მის პარტნიორთან ერთად ბინაში გარდაცვლილი იპოვეს. 27 წლის ჟურნალისტი სლოვაკურ ინტერნეტ პორტალ Aktuality.sk-ზე მუშაობდა. ამის შესახებ ინფორმაციას “საქართველოს ჟურნალისტთა დამოუკიდებელი ასოციაცია” “ევროპის ჟურნალისტთა ფედერაციაზე” დაყრდნობით ავრცელებს.

 

როგორც ირკვევა, კუკიაკი ბოლო დროს, თავის სტატიებში ყურადღებას ამახვილებდა საგადასახადო სისტემაში არსებულ ნაკლოვანებებზე. ის აქტიურად წერდა მაგნატებზე და ჩინოვნიკებზე, რომლებიც ჩართულები იყვნენ და ხელს ითბობდნენ საგადასახადო სისტემაში გამეფებულ კორუფციაზე.

ადგილობრივი პოლიციის უფროსის, ტიბორ გასპარის ინფორმაციით, ჟურნალისტის მკვლელობა მის ბოლოდროინდელ ჟურნალისტურ გამოძიებას უკავშირდება.

როგორც ადგილობრივი მედია წერს, კუკიაკმა ბოლო სტატია ცნობილ ბიზნესმენზე, მარიან კოკნერზე დაწერა. სტატიის ავტორი კოკნერს ახასიათებს, როგორც ჟურნალისტების წინააღმდეგ შეურაცხყოფებით გამორჩეულ პერსონას. ის იმუქრებოდა, რომ გამოააშკარავებდა “ნებისმიერ ნაგავს”, რომელიც დაკავშირებული იქნებოდა კუკიაკთან და მის ოჯახთან. ეს ინფორმაცია გამოაქვეყნა Aktuality.sk-ის მთავარმა რედაქტორმა პიტერ ბარდიმ.

“უნდა შეჩერდეს ჟურნალისტებზე თავდასხმები სლოვაკეთში. ჩვენ მივმართავთ ხელისუფლებას, რაც შეიძლება სწრაფად დაიწყოს გამოძიება და დაისაჯონ ჟურნალისტ კუკიაკისა და მისი პარტნიორის მკვლელები.” – ნათქვამია “სლოვაკეთის ჟურნალისტთა ასოციაციის” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

“ევროპის ჟურნალისტთა ფედერაციის” პრეზიდენტმა, მოგენს ბლიხერმა მისამძიმრა დაღუპულების ოჯახებს და აღნიშნა, რომ ეს არის ამაზრზენი შემთხვევა, როცა ჟურნალისტს ესხმიან თავს მის მიერ შესრულებული გამოძიების გამო. მისი თქმით, ევროკავშირი უნდა დაფიქრდეს და განგაში ატეხოს ამ ფაქტზე, რადგან სულ რაღაც რამდენიმე თვე გავიდა ჟურნალისტ დაფი კარუანა გალიციას მკვლელობიდან.

მომხდარ ფაქტს გამოეხმაურა “ჟურნალისტთა საერთაშორის ფედერაციის” გენერალური მდივანი ენტონი ბელანგერი, რომელმაც აღნიშნა, რომ ეს არის უდიდესი დარტყმა სიტყვის თავისუფლებაზე სლოვაკეთში. მან იმედი გამოთქვა, რომ პოლიცია ყველაფერს გააკეთებს მკვლელების დასაკავებლად.