საქართველოს ჟურნალისტთა დამოუკიდებელი ასოციაცია

გაწევრიანდი!

აქიმიძემ და დვალმა „რუსთავი 2“-ს დომენი rustavi2.com ჩამოართვეს

დომენს rustavi2.com, რომელზეც ხელმისაწვდომი იყო „რუსთავი 2“–ის ვებსაიტი, ამჟამად ტელეარხი ვერ აკონტროლებს. ამ დომენის გადამისამართება ხდება რუსთავი 2–ის დამფუძნებლების, ჯარჯი აქიმიძისა და დავით დვალის ვებსაიტზე rustavi2.info.

 

დავით დვალმა და ჯარჯი აქიმიძემ რამდენიმე წუთის წინ განცხადება გაავრცელეს, სადაც წერია: „დომენი rustavi2.com დღიდან მისი რეგისტრაციისა ყოველთვის ჩვენ გვეკუთვნოდა და ასეა დღესაც.

2004 წელს, როცა „ნაციონალურმა ხელისუფლებამ“ იძულებით დაგვათმობინა ჩვენი კუთვნილი 60% წილი „რუსთავი 2“-ში, სიჩქარეში არც გახსენებიათ რომ დომენი rustavi2.com ცალკე საკუთრებას წარმოადგენდა და ასე განაგრძეს ჩვენი კუთვნილი ინტერნეტ რესურსით სარგებლობა. არც იმით დაინტერესებულან, თუ ვინ ფარავდა მთელი 13 წლის განმავლობაში რესურსით სარგებლობის თანხებს.

დღეიდან ჩვენ ვწყვეტთ ქველმოქმედებას და შევეცდებით ოდნავ მაინც დავაბალანსოთ პროპაგანდის და დეზინფორმაციის მძლავრი ნაკადი, რომელიც ჩვენთვის წართმეული ტელევიზიიდან მოედინება. ჩვენს საიტზე დაიდება და თავს მოიყრის ბევრი ნაცნობი თუ უცნობი მასალა, რათა საზოგადოებამ სრული ინფორმაცია მიიღოს „რუსთავი 2“-ის საქმეზე.“

„რუსთავი 2“–ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას ცნობით, დომენი rustavi2.com შუამავალ კომპანიას ეკუთვნოდა, რომლებმაც კონტროლი დვალსა და აქიმიძეს გადასცეს.

დღესვე ტელეკომპანიამ ამასთან დაკავშIრებით ოფიციალური განცხადება გაავრცელა:

„შეფერხებით მუშაობს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2–ის ვებსაიტი. დღეს საღამოს გადაცემა „P.S.“-ის დაწყების წინ, ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე, არხის ყოფილმა მფლობელმა დავით დვალმა, რომლის მეგობრის სახელზე იყო რეგისტრირებული მისამართი rustavi2 com, გათიშა ტელევიზიის ონლაინ პლატფორმა, რითაც ათიათასობით ადამიანი, ვინც „რუსთავი 2“-ის გადაცემებს ინტერნეტის საშუალებით უყურებდა, ინფორმაციის გარეშე დატოვა. ამჟამად მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები და „რუსთავი 2“-ის ოფიციალური ვებ გვერდი განთავსდება შემდეგ მისამართზე - rustavi2.ge“.