საქართველოს ჟურნალისტთა დამოუკიდებელი ასოციაცია

გაწევრიანდი!

ყარამანიშვილები გვარამიას ინიციატივით დაფუძნებულ შპს-ს წილს არ გადასცემენ

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მფლობელები, ძმები ლევან და გია ყარამანიშვილები მორიგ განცხადებას ავრცელებენ „რუსთავი 2“-ის წილების განაწილების საკითხზე და უკმაყოფილებას გამოთქვამენ იმის გამო, რომ ტელევიზიამ მათ განცხადებას უმნიშვნელო დრო დაუთმო და ფართოდ გააშუქა ტელევიზიის დირექტორის მიერ მოწვეულ თათბირი, რომლის ჩანაწერიც ღამის ეთერში გავიდა.

 

„სამწუხაროა, რომ ჩვენი გუშინდელი განცხადება, რომელიც 15:25-ზე გავრცელდა, პრაქტიკულად არ გაშუქებულა (მშრალად გავიდა 6-საათიანი „კურიერის“ შუაში, თემის გაუშლელად, და საერთოდ არ გაშუქებულა 9-საათიან „კურიერში“). ეს იმ ფონზე, როცა გენერალური დირექტორის მიერ მოწვეულ თათბირს ამხელა დრო დაეთმო ეთერში.

ჩვენი განცხადება რომ გაშუქებულიყო, საზოგადოება და ჩვენი კოლექტივი ბევრ უხერხულობას აცდებოდა (პირველ რიგში, ზემოხსენებული თათბირის კონტექსტში). ამიტომ, ხელახლა, უცვლელად ვავრცელებთ ჩვენს გუშინდელ განცხადებას (სადაც ხაზს ვუსვამთ, რომ არანარი შუამავალი შპს-ს მონაწილეობა არ განიხილება) და ხვალიდან გადავდივართ კოლექტივთან პირდაპირი კონსულტაციების რეჟიმში“, – ამ განცხადებას ლევან ყარამანიშვილი ფეისბუკით ავრცელებს.

გუშინდელ განცხადებაში ყარამანიშვილებმა აღნიშნეს, რომ მათი წინადადება 51%-იანი წილის გადაცემის თაობაზე ეხება „რუსთავი 2“-ის ყველა თანამშრომლისთვის ამ წილის განაწილებას, ხოლო ტელევიზიის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია აცხადებს, რომ უნდა შეიქმნა შპს „რუსთავი 2 ჩვენია“, რომელსაც ეყოლება 40 დამფუძნებელი, რომლებიც შერჩეული იქნებიან კონკრეტული გადაცემებიდან და სწორედ ეს შპს იქნება 51%-იანი წილის განმკარგველი.

„ნიკა გვარამიას მიერ წამოყენებულ იქნა ახალი მოთხოვნა, რომ შეიქმნას გაურკვევლი შუამავალი შპს, რომელიც კოლექტივის ნაცვლად ჩაერთვება მოლაპარაკებებში. ითქვა, რომ ამ შპს-ში შეიძლება იყოს 20-30 ან 50 დამფუძნებელი (ანუ ტელეკომპანიის ამჟამინდელი თანამშრომლების მაქსიმუმ 5%). დაიწყო უცნაური მინიშნებები, რომ შესაძლოა, რომელიმე თანამშრომელი გადავიდეს გაუგებარ „მეორე მხარეს“. გუნდის მხარეებად დაყოფა იმ უპრეცედენტო გარე წნეხის პირობებში, რომელშიც ვიმყოფებით, არაგონივრული და დამაზიანებელია“, – ნათქვამია ყარამანიშვილების გუშინდელ განცხადებაში, რის შემდეგაც გვარამიამ მოიწვია ტელევიზიის თანამშრომლების თათბირი. 

ამ თათბირის შედეგად, ხმათა უმრავლესობით, თანამშრომლებმა გვარამიას წინადადებას დაუჭირეს მხარი.