საქართველოს ჟურნალისტთა დამოუკიდებელი ასოციაცია

გაწევრიანდი!

გვარამია ყარამანიშვილებს საკონტროლო პაკეტს სთხოვს

„რუსთავი 2“–ის თანამშრომლებმა უარი უთხრეს ტელეარხის მფლობელებს, ძმებ ყარამანიშვილებს მათთვის მხოლოდ 40–პროცენტიანი წილის გადაცემაზე. თანამშრომლების სახელით მფლობელებს გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ მიმართა. 

 

„ჩვენ, „რუსთავი 2“–ის თანამშრომლებმა, განვიხილეთ ძმებ ყარამანიშვილების შემოთავაზება, ჩვენთვის მათი კუთვნილი 40–პროცენტიანი წილის გადმოცემის თაობაზე. მადლობას ვუცხადებთ მათ ამ შემოთავაზებისთვის, თუმცა, ამ წინადადებას ვპასუხობთ უარით. ჩვენი უარი ემყარება შემდეგ გარემოებებს:

ამჟამად ყადაღის ქვეშ მყოფი 40–პროცენტიანი წილის „რუსთავი 2“–ის თანამშრომლებისთვის გადმოცემა, პრაქტიკულად განუხორციელებადია, რამეთუ „რუსთავი 2“–ის წესდების თანახმად, წილების გადაცემას ესაჭიროება ყველა მეწილის, მათ შორის 9 პროცენტის წილის მფლობელის, ნინო ნიჟარაძის თანხმობა. ამგვარი თანხმობა არ არსებობს და შესაბამისად, წარმოდგენილი შემოთავაზება, სამართლებრივი თვალსაზრისით, წარმოადგენს ფიქციას.

ამას გარდა, რაც მთავარია, კომპანიის 40–პროცენტიანი წილის ფლობა არ ცვლის საქმის ვითარებას, რამეთუ, გადამწყვეტი ხმის უფლება ისევ რჩება ტელეკომპანია საქართველოს, რომელიც კომპანიის საკონტროლო პაკეტს, 51–პროცენტიან წილს ფლობს, ტელეკომპანია საქართველოს მესაკუთრეები კი ასევე ძმები ყარამანიშვილები არიან. შესაბამისად, შემოთავაზებული წინადადება, შინაარსობრივი თვალსაზრისითაც, ერთგვარად ფიქტიურია, რადგან კოლექტივის კომპანიის მართვაში ჩართვის ვერანაირ გარანტიას ვერ ქმნის.

სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“–ის თანამშრომლები გამოვდივართ საპასუხო ინიციატივით: საკუთრებაში გადმოგვეცეს შპს „ტელეკომპანია საქართველო“, რაც როგორც სამართლებრივად, ისე შინაარსობრივად, ერთადერთი რეალური გზაა კომპანიაში საქმის ვითარების არაფიქტიურად და რეალურად შესაცვლელად. 

შპს „ტელეკომპანია საქართველო“ არ არის დაყადაღებული, მის გასხვისებას არ სჭირდება მესამე პირთა თანხმობა და ის ფლობს „რუსთავი 2“–ის საკონტროლო პაკეტს. მისი კოლექტივისთვის გადმოცემით, არა მხოლოდ ჩვენი ტელეკომპანიის, არამედ ქართული მედიის ისტორიაში პირველად, მაუწყებლის მესაკუთრეები გახდებიან თავად მისი თანამშრომლები, მათ მიერ საამისოდ შერჩეული უფლებამოსილი პირების მეშვეობით, რომლებიც ანგარიშვალდებულნი იქნებიან სწორედ მათ წინაშე.

მნიშვნელოვნად მიგვაჩნია ასევე აღვნიშნოთ, რომ ამგვარი ნაბიჯის გადადგმით ასევე დასრულდება არაჯანსაღი და ხშირ შემთხვევაში, სრულიად უსაფუძვლო სპეკულაციები „რუსთავი 2“–ის პარტიულ და სხვაგვარ აფილაციებთან დაკავშირებით. და უკვე, მათ შორის არც ფორმალურ-სამართლებრივი თვალსაზრისი არ ექნება იმის მტკიცებას, საფუძველი არ ექმნება იმის მტკიცებას, რომ სარედაქციო პოლიტიკა ყალიბდება სხვა ადამიანების ჩარევით და მხოლოდ ჩვენ, უკვე ფორმალურ სამართლებრივადაც, სრულად და დამოუკიდებლად ვიქნებით პასუხისმგებელი ჩვენს სარედაქციო პოლიტიკაზე. ახლაც და მომავალშიც, ამ ხელისუფლებისგან დამოუკიდებლობას ვგულისხმობთ და ასევე ნებისმიერი სხვა პოლიტიკური ძალის ხელისუფლებაში მოსვლის პირობებსაც.

ჩვენ გვესმის ლეგიტიმური ინტერესი იმისა, რომ არ შეიქმნას ინვესტორების საფარ ქვეშ კომპანიაში მესამე პირების შემოსვლის საშიშროება. საამისოდ მზად ვართ, წილების ჩვენთვის გადმოცემის შემთხვევაში, ტელეკომპანია საქართველოს წილის ნებისმიერ მესამე პირზე გასხვისება, შესაძლებელი იყოს მხოლოდ უპრეცედენტოდ მაღალი კონსენსუსის საფუძველზე.

კიდევ ერთხელ ვუცხადებთ ძმებ ყარამანიშვილებს მადლობას შემოთავაზებისთვის, რომელზეც სამწუხაროდ უარი უნდა განვაცხადოთ და მივმართავთ მათ ჩვენი საპასუხო შეთავაზებით. გადაეცეს არხი საკუთრებაში იმათ, ვინც რეალურად და სრულიად დამოუკიდებლად, ყოველგვარი გარე დახმარების გარეშე, საკუთარი თავგანწირული ბრძოლით დღემდე მოიტანა ეს კომპანია, შეინარჩუნა დამოუკიდებლობა და შეუნარჩუნა მთელ საქართველოს, ხალხს, თავისუფალი სიტყვა და ეს მოხდა იმ ვითარებაში, როდესაც ჩვენს წინააღმდეგ ყველა შესაძლო მეთოდით იბრძოდა მთელი სახელისუფლებო მანქანა. ღრმად გვწამს, რომ ამ შეთავაზების დაკმაყოფილებით, ძმები ყარამანიშვილები გამოიყენებენ ისტორიულ შესაძლებლობას, ოქროს ასოებით ჩაწერონ საკუთარი სახელები ქართული მედიის და გამოხატვის თავისუფლების ისტორიაში“, - განაცხადა გვარამიამ.

მისი თქმით, აღნიშნულ განცხადებას იზიარებს ტელეკომპანიის თანამშრომელთა უმრავლესობა.