საქართველოს ჟურნალისტთა დამოუკიდებელი ასოციაცია

გაწევრიანდი!

ეთიკის კოდექსი

ჟურნალისტთა ეთიკის კოდექსი გამოიყენება როგორც შიდა სარეგულაციო მექანიზმი, ერთგვარი სახელმძღვანელო, რომელიც ემყარება მორალურ პრინციპებს და საერთაშორისოდ აღიარებულ ნორმებს. წარმოდგენილი კოდექსი შემუშავებულია "საქართველოს ჟურნალისტთა დამოუკიდებელი ასოციაციაის" მიერ 2000 წელს(მიღებულია 2001 წელს).  

ქვემოთ მოყვანილი წესები, რომლებიც ჟურნალისტური საქმიანობის ნორმებს აღწერენ, მთლიანად შეესაბამება ევროსაბჭოს რეკომენდაციებს სიტყვის თავისუფლებისა და ჟურნალისტური მოღვაწეობის ნორმების შესახებ, აგრეთვე, ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციის დეკლარაციას ჟურნალისტური მოღვაწეობის თაობაზე.

"ჟურნალისტთა ეთიკის კოდექსის" შემუშავებაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ და საქართველოს მომხმარებელთა კავშირმაც. მათი შენიშვნები აგრეთვე გათვალისწინებულია ამ კოდექსში. "ჟურნალისტთა ეთიკის კოდექსის" ქართულ მედიაში საერთაშორისო ნორმების დამკვიდრებისკენ არის მიმართული, რაც საბოლოოდ ადამიანთა უფლების დაცვას ისახავს მიზნად. ჩვენ მივესალმებით ყოველი ჟურნალისტის, მედია ორგანიზაციის გადაწყვეტილებას იხელმძღვანელოს ამ კოდექსით.

პრეამბულა 

საქართველოში სიტყვის თავისუფლება გარანტირებულია ქვეყნის ძირითადი კანონით - კონსტიტუციით, რომელიც მოიცავს აზრის, შეხედულების თავისუფლად გამოხატვის, გავრცელების, ასევე ინფორმაციის მოპოვებისა და გამოქვეყნების უფლებას. ჟურნალისტი ამ უფლებათა რეალიზების ძირითადი ინსტრუმენტია. მასმედიის ნებისმიერმა წარმომადგენელმა უნდა გაიცნობიეროს საზოგადოების წინაშე აღებული პასუხისმგებლობა - დაიცვას საზოგადოების უფლება იცოდეს სიმართლე. ჟურნალისტმა პატიოსნად და კეთილსინდისიერად უნდა განახორციელოს პროფესიული მოვალეობანი. "ჟურნალისტური ეთიკის კოდექსი" შექმნილია ჟურნალისტთა ეთიკის ძირითადი პრინციპების დასაცავად. მას არ გააჩნია კანონის ძალა.

1. სიმართლე 

საზოგადოებამდე სიმართლის მიტანა ჟურნალისტის უპირველესი მოვალეობაა.

1.1 ჟურნალისტი მოვალეა არ დამალოს ინფორმაცია, რომლის მნიშვნელობა და შინაარსი მას საზოგადოების საერთო ინტერესის საგნად აქცევს.

1. 2 ჟურნალისტმა უნდა გამოაქვეყნოს ისეთი შეხედულებებიც, რომელსაც ის არ ეთანხმება. იმ მოვლენათა გაშუქებისას, რომლებიც აზრთა სხვადასხვაობით ხასიათდება, მაქსიმალურად უნდა იყოს დაცული მხარეთა თანაბრად წარმოჩენის პრინციპი.

2. ობიექტურობა

ჟურნალისტი მუდამ უნდა იცავდეს სამართლიანი კრიტიკისა და კომენტირების უფლებას.

2. 1 ნებისმიერი სახის ინფორმაციული მასალა (ვიდეო, აუდიო, ტექსტობრივი და ფოტომასალა) მაქსიმალური სიფრთხილითა და ყურადღებით უნდა გადამოწმდეს, რათა ფაქტი დამახინჯებულად არ გადმოიცეს. ჭორი და ვარაუდი აუცილებლად უნდა გადამოწმდეს.

2. 2 არადოკუმენტალურ ილუსტრაციას, ფოტო და ვიდეომონტაჟს, ასევე სხვა სახეცვლილებას, რომელსაც საზოგადოების შეცდომაში შეყვანა შეუძლია, შესაბამისი მინაწერი უნდა გაუკეთდეს.

2.3 ამა თუ იმ გაზეთის ან სხვა საინფორმაციო საშუალების მიერ გამოქვეყნებული მასალის მიმოხილვისას, არ უნდა შეიცვალოს მისი ძირითადი შინაარსი. ტექსტის შემცირებამ, ან რაიმე დამატებამ არ უნდა გამოიწვიოს სტატიის ძირითადი აზრის დამახინჯება და არ უნდა დაუშვას საზოგადოების მიერ მცდარი აზრის გამოტანა.

2.4 ჟურნალისტი ყოველთვის უნდა ასახელებდეს თავის ვინაობას ინფორმაციის წყაროსთან მუშაობისას. ეს პრინციპი შეიძლება დაირღვეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ინფორმაცია საზოგადოების განსაკუთრებულ ინტერესს ეხება და მისი მოპოვება სხვა გზით შეუძლებელია. (იხილეთ 3.3) ჟურნალისტმა განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს ინტერვიუს რეზიუმეს სახით გადმოცემისას, იმისთვის, რომ არ შეილახოს რესპონდენტის, როგორც თანაავტორის უფლება.

2.5 მკითხველთა წერილები რედაქციაში შემოსული წერილი უნდა გამოქვეყნდეს შესაბამისი მინაწერით, იმისთვის, რომ საზოგადოებამ იცოდეს ვინ არის ავტორი. ამასთან, წერილიდან უნდა ჩანდეს, რომ ავტორს სურს მისი გამოქვეყნება.

რედაქცია დამოუკიდებლად იღებს შემოსული წერილის გამოქვეყნების, ან აღნიშნულზე უარის თქმის გადაწყვეტილებას. ამ მიზნით, შესაბამისად უნდა იყოს განხილული წერილის შინაარსი. კერძოდ, ეხება, თუ არა ის საზოგადოების საერთო ინტერესს.

ჟურნალისტებმა სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ, რათა არ გამოქვეყნდეს მკითხველთა ისეთი წერილები, რომლებიც მესამე პირის დამამცირებელ განცხადებებს შეიცავენ.

რედაქციამ საშუალება უნდა მისცეს დაინტერესებულ პირს, იმავე საშუალებით პასუხი გასცეს მის მიმართ გამოთქმულ ბრალდებას, რომელსაც გამოქვეყნებული წერილი შეიცავდა. ფიქტიურ მკითხველთა წერილების გამოქვეყნება საზოგადოების მოტყუებაა.

იმ შემთხვევაში, თუ არსებობს რაიმე ეჭვი წერილის წარმოშობასთან დაკავშირებით, ჟურნალისტი ვალდებულია გადაამოწმოს იგი. სარედაქციო კოლეგიამ მაქსიმალურად უნდა დაიცვას შემოსული წერილის შინაარსი, მისი შემცირების შემთხვევაში. ამასთან, კოლეგიამ, წერილის შემცირებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება აუცილებლად უნდა შეათანხმოს მის ავტორთან.

3. პატიოსნება

3.1 მოვლენები და სიახლეები ჟურნალისტმა უნდა აღწეროს მხოლოდ იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომელთა უტყუარობაშიც ის დარწმუნებულია. ჟურნალისტმა არ უნდა დამალოს არსებითი ინფორმაცია ან გააყალბოს დოკუმენტები.

3.2 ჟურნალისტმა თავი უნდა აარიდოს ინფორმაციის, სიახლეებისა და ფოტოსურათების უკანონო გზით მოპოვებას.

3.3 მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში შესაძლოა ჟურნალისტური კვლევის საიდუმლოდ წარმართვა. კერძოდ, თუ ის ააშკარავებს საზოგადოებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვან ინფორმაციას, რომლის მიღება სხვა გზით შეუძლებელი იყო. საზოგადოებრივი ინტერესი არ ამარლებს სიახლეთა მოპოვების მიზნით ჩადენილ უკანონობას.

3.4 ინფორმაციის გადმოცემისას, ან კომენტირებისას დაშვებული უზუსტობა (თუ ის მომავალში ასეთად იქნა აღიარებული), იმავდროულად და იმავე საშუალებით უნდა შესწორდეს იმავე უწყების ან ჟურნალისტის მიერ, რომელმაც ინფორმაცია გამოაქვეყნა. ამასთან ერთად, უარმყოფელი განცხადება მაშინაც უნდა გაკეთდეს, როდესაც დაშვებული შეცდომა სხვა ადგილას საჯაროდ იქნა აღიარებული.

4.კონფიდენციალურობა

ჟურნალისტმა უნდა დაიცვას პროფესიული საიდუმლოება - კონფიდენციალურად მოწოდებული ინფორმაციის წყარო. ამ წესის წესაბამისად, ჟურნალისტმა უნდა დაიცვას გაუმჟღავნებლობის თაობაზე, ინფორმატორისთვის მიცემული პირობა. ეს პირობა შეიძლება დაირღვეს მხოლოდ მაშინ, თუ ინფორმაცია კრიმინალური აქტის დაგეგმვას, ან ადამიანთა სიცოცხლისათვის მოსალოდნელ საშიშროებას ეხება. 

5. დამოუკიდებლობა

ჟურნალისტმა არ უნდა დაუშვას მისი საქმიანობის კერძო ინტერესებით, ბოროტად გამოყენება.

5.1 ჟურნალისტმა პროფესიული მოვალეობანი გარეშე პირთა ჩაურევლად უნდა განახორციელოს. კერძოდ, ხელისუფლების, ან სხვა გარეშე პირთა მხრიდან ზემოქმედებამ არ უნდა ხელყოს ჟურნალისტური საქმიანობის დამოუკიდებლობა და არ უნდა შეცვალოს ჟურნალიტური მასალების შინაარსი. მასმედიის ნებისმიერი წარმომადგენელი ვალდებულია წინააღმდეგობა გაუწიოს ყველას, ვინც მათ დამოუკიდებლობას ლახავს. ეს პრინციპი ეხება იმ შემთხვევებსაც, როდესაც მასალაში მოყვანილი ფაქტების გაყალბებას იმ საინფორმაციო უწყების ხელმძღვანელი ცდილობს, სადაც ჟურნალისტი მუშაობს. 

5.2 ჟურნალისტი რომელიც პარალელურად სამთავრობო უწყებაში მუშაობს, ვალდებულია თავიდან აიცილოს ინტერესთა კონფლიქტი და გამიჯნოს საჯარო მოვალეობები ჟურნალისტური საქმიანობისაგან, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ჟურნალისტური საქმიანობა საჯარო მოვალეობების განუყოფელი ნაწილია.

5.3 გაუმართლებელია მესამე პირის კერძო, ან ფინანსური ინტერესების გავლენის ქვეშ მომზადებული სარედაქციო მასალის ან შეხედულების გამოქვეყნება. რეკლამა და სარედაქციო მასალა ნათლად უნდა იყოს გამიჯნული. იმისათვის, რომ საზოგადოების შეცდომაში შეყვანა თავიდან იქნას აცილებული, რეკლამა შესაბამისი ფორმით, მინაწერით, ან კომენტარით უნდა გამოქვეყნდეს. 

5.4 ჟურნალისტის მიერ საზოგადოების წინაშე აღებული პასუხისმგებლობა ზღუდავს ფარულ რეკლამას სარედაქციო მასალების მეშვეობით.

5.5 ჟურნალისტური საქმიანობის დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის პრინციპი გამორიცხავს ჟურნალისტის მიერ ისეთი სახის საჩუქრის მიღებას, რომელსაც მისი პროფესიული თავისუფლების ხელყოფა შეუძლია.

6. ადამიანის უფლებების პატივისცემა

ჟურნალისტი პატივს უნდა სცემდეს ადამიანის პირად ცხოვრებას და სოციალურ გარემოს, რომელშიც ის ცხოვრობს. თუმცა, თუ ამა თუ იმ პირის მიერ ჩადენილი ქმედება უკავშირდება საზოგადოებას, ეს საკითხი შესაძლებელია განხილულ იქნას ჟურნალისტთა მიერ. ასეთ შემთხვევებში ჟურნალისტებმა უნდა გამოიჩინონ სიფრთხილე, რათა არ ხელყონ სხვა გარეშე პირთა პირადი უფლებები.

6.1 ჟურნალისტმა სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს სამართალდარღვევის, ან უბედურ ფაქტებთან დაკაშირებული მოვლენების აღწერისას. ის უნდა ეცადოს, თავისი საქციელით საფრთხეში არ ჩააგდოს ადამიანთა სიცოცხლე. ასეთი მოვლენების აღწერისას, გაუმართლებელია დაზარალებულის, ეჭვმიტანილის ან მათი ნათესავების ვინაობის დასახელება ან ისეთი ინფორმატიული მასალის გამოქვეყნება, რაც აშკარად, ამ პირთა იდენტიფიკაციის საშუალებას იძლევა. იმისათვის, რომ საზოგადოება გაერკვეს მოვლენაში ვინაობის იდენტიფიცირება არ არის აუცილებელი. ეს წესი შეიძლება დაირღვეს მხოლოდ ისეთი გარემოებებისას, როდესაც დაზარალებული ან ეჭვმიტანილი ცნობილი პიროვნებაა (თანამდებობის პირი, საზოგადო მოღვაწე და სხვა), რაც მოვლენას ფართო საზოგადოებრივ ინტერესს უკავშირებს.

6.2 გაუმართლებელია სისხლის სამართლის ძებნასთან, გამოძიებასთან ან სასამართლო პროცესთან დაკავშირებულ რეპორტაჟში ტენდენციური სახის კომენტარისა თუ შეფასების კეთება. დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილი, ბრალდებული, განსასჯელი პირი არ შეიძლება დამნაშავედ იქნას წარმოდგენილი მანამ, ვიდრე მის მიერ დანაშულის ჩადენა არ დამტკიცდება კანონით გათვალისწინებული წესით და არ დადგინდება კანონიერ ძალაში შესული, სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით.

6.3 განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა იყოს გამოჩენილი იმ კრიმინალური ფაქტების აღწერისას, სადაც საქმე არასრულწლოვანს ეხება. არასრულწლოვანთა მომავლის პატივისცემის პრინციპი ზღუდავს არასრულწლოვან დამნაშავეთა სახელებისა თუ გამოსახულების გამოქვეყნებას. გარდა იმ შემთხვევებისა, როცა კანონით დადგენილი წესით, ასეთ პირზე ძებნაა გამოცხადებული. ეს წესი ეხება იმ შემთხვევებსაც, როდესაც დაზარალებული არასრულწლოვანია.

6. 4 ჟურნალისტმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამოიჩინოს სტიქიურ, ან სხვა უბედურ შემთხვევებში. მან ასეთი შემთხვევების დროს, პრიორიტეტად უნდა მიიჩნიოს ადამიანთა სიცოცხლის გადარჩენა და სამსახურეობრივი მოვალეობა მეორე პლანზე დააყენოს. ასეთ შემთხვევებში, დაუშვებელია დაზარალებულთა გრძნობებით მანიპულირება.

6. 5 დაუშვებელია პიროვნების დისკრიმინაცია რასის, სქესის, ეროვნების, რელიგიის, ფიზიკური მდგომარეობის, სექსუალური , პოლიტიკური ორიენტაციისა და სოციალური ნიშნით. ჟურნალისტი უნდა მოერიდოს ადამიანის რომელიმე ამ ნიშნისადმი კუთვნილების დასახელებას, თუ ეს აუცილებელი არ არის მომხდარ ფაქტში თუ მოვლენაში საზოგადოების გასარკვევად. ჟურნალისტმა მაქსიმალური სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს, რათა არ ხელყოს ინდივიდის პატივი და ღირსება. 

6.6 დაუშვებელია პლაგიატი, უსაფუძვლო დადანაშაულება.

"ჟურნალისტური ეთიკის კოდექს"-ში გათვალისწინებულია ჟურნალისტთა პროფესიული საქმიანობის საერთაშორისოდ აღიარებული პრინციპები. კოდექსის ტექსტი მოამზადა: საქართველოს ჟურნალისტთა დამოუკიდებელი ასოციაცია. 2000 წელი. ექსპერტიზა: საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, საქართველოს  მომხმარებელტა კავშირი, 2000 წელი.  "საქართველოს ჟურნალისტთა დამოუკიდებელი ასოციაცია" ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციის (www.ifj.org) IFJ- ს წევრი ორგანიზაციაა. ის ასევე, კავკასიისა და შუა აზიის ჟურნალისტური ორგანიზაციების ქსელის (www.CASCFEN.org) დამფუძნებელი და სრულუფლებიანი წევრია.

ყურადღება: აღნიშნული დოკუმენტის გამოქვეყნება ნებადართულია მხოლოდ მისი ორიგინალური წყაროს მითითებით. ტექსტის ცვლილება ან რაიმე სახით დამახინჯება, ან წყაროს შეცვლა დაუშვებელია.