საქართველოს ჟურნალისტთა დამოუკიდებელი ასოციაცია

გაწევრიანდი!

„იმედი“, „GDS“ და „მაესტრო“ ერთიანდება

\"\\"\\"\"

ტელეკომპანიები „იმედი“, „GDS“ და „მაესტრო“ ერთიანდება და მათ საფუძველზე ერთიანი ახალი მედია ჰოლდინგი იქმნება. ამის შესახებ ინფორმაციას „ მაესქტროს“ აქციათა საკონტროლო პაკეტის მფლობელი გია გაჩეჩილაძე ადასტურებს.


„ტელევიზიებში სიტუაცია დამყაყდა, სისხლის გადასხმა სჭირდება, ახალი მედია-ჰოლდინგი იქმნება“, - განაცხადა გაჩეჩილაძემ.

მისივე ინფორმაციით, ჰოლდინგის შემადგენლობაში რადიოები და გაზეთები გაერთიანდებიან.

„მე არ ვაპირებ „მაესტროს“ გაყიდვას არავითარ შემთხვევაში. უბრალოდ დიდი მედია ჰოლდინგი კეთდება, რომელსაც ექნება ერთი ბიუჯეტი. აქ არ გაერთიანდებიან მხოლოდ ტელევიზიები, რადიოებიც იქნება გაერთიანებული, გაზეთები და ა.შ. რადიოებსა და გაზეთებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს. შეიძლება ჰოლდინგში რადიო „იმედი“ და რადიო „უცნობი“ შევიდეს. ვნახოთ, ჯერჯერობით მოლპარაკებები მიდის“, - განაცხადა გაჩეჩილაძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას.

მისივე თქმით, ჰოლდინგს ერთი გენერალური დირექტორი ეყოლება, თუმცა ჯერ კანდიდატურაზე საუბარი არ არის.

„ჰოლდინგს ერთი გენერალური დირექტორი ეყოლება. დაფინანსება თუ ერთი მხრიდან მოდის, ვინც აფინანსებს, ის უნდა მართავდეს, ხომ მართალი ვარ?“, - აღნიშნა გაჩეჩილაძემ. 

კითხვაზე, ვინ არის დაფინანსების წყარო, გაჩეჩილაძემ პასუხის გაცემისგან თავი შეიკავა და აღნიშნა, რომ იურიდიულ საკითხზე საუბრობდა და „როგორც საჭიროა, ისე იქნება“.