საქართველოს ჟურნალისტთა დამოუკიდებელი ასოციაცია

გაწევრიანდი!

გვარამია დაკითხვაზე დაიბარეს

 

„რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია მოწმის სახით შსს-ში დაკითხვაზეა დაბარებული. საქმე ეხება გვარამიასა და თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანს შორის საუბრის ფარულ აუდიოჩანაწერს, რომელიც ინტერნეტში ოქტომბრის დასაწყისში გამოჩნდა. გვარამიამ აღიარა, რომ საუბარი თვითონ ჩაიწერა და შეინახა, მაგრამ უცნობმა პირებმა მისი კომპიუტერი გატეხეს და ყველაფერი ინტერნეტში განათავსეს.


შსს-მ საქმე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით აღძრა: „კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა“ და „პირადი მიმოწერის, ტელეფონით საუბრის ან სხვაგვარი ხერხით შეტყობინების საიდუმლოების დარღვევა“.

„რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, დაბარებული ვარ მამუკა ახვლედიანისა და ჩემი საუბრის გამოქვეყნებასთან დაკავშირებით და საქმე ეხება კომპიუტერულ სისტემებში უკანონოდ შეღწევას. დამიბარეს ხუთშაბათს, 3 საათზე და, ცხადია, არც ერთ შემთხვევაში თავი არ ამირიდებია გამოძიებასთან ურთიერთობისგან და ყოველთვის ვცემდი იმ პასუხებს, რაც ჩემთვის ცნობილი იყო ამა თუ იმ საკითხზე. ასე მოვიქცევი ახლაც“, — განაცხადა გვარამიამ.

ინტერნეტ-რესურსმა Georgia News Creative გვარამიასა და ახვლედიანის საუბრის აუდიოჩანაწერი 2 ოქტომბერს გამოაქვეყნა. ამ აუდიოჩანაწერში ახვლედიანი გვარამიას საჭირო რაოდენობის მოსამართლეების არარსებობის თაობაზე შესჩივის და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძეს „სავარჯიშო ბალიშს“ უწოდებს. როგორც გვარამიამ განმარტა, ჩანაწერი ერთი წლის წინ გაკეთდა, როდესაც ახვლედიანი ჯერ კიდევ თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე იყო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე აცხადებს, რომ მან არ იცოდა, თუ გვარამია საუბარს ფარულად იწერდა.

რაც შეეხება აუდიოჩანაწერის მეორე ნაწილს, რომელიც მეორე დღეს გამოქვეყნდა, იქ გვარამია და ახვლედიანი განიხილავენ პრობლემებს სასამართლო სისტემაში და „რუსთავი 2“-ის საქმეს.

გვარამია ჩანაწერში ამბობს, რომ მოსამართლე, რომელიც იმ მომენტში ტელეკომპანიის საქმეს პირველი ინსტანციის სასამართლოში განიხილავდა, მოისყიდეს და ის განაჩენის გამოტანას ტელეკომპანის ამჟამინდელი მფლობელების სასარგებლოდ არ აპირებს.

გვარამიამ ასევე ურჩია ახვლედიანს, დაეტოვებინა საქალაქო სასამართლო და „ემხილებინა სისტემა“, სანაცვლოდ კი შესთავაზა „ფულის ნაწილი ექვსი მილიონიდან“.

მოგვიანებით, ჟურნალისტებთან საუბრისას გვარამიამ დაადასტურა ახვლედიანთან საუბრის ფაქტი და ფულის შეთავაზება და განაცხადა, რომ ეს ინფორმაციის წყაროსთან მასმედიის დამოკიდებულების ჩვეულებრივი პრაქტიკაა, განსაკუთრებით, იმ ტიპის წყაროსთან მიმართებით, როგორიც Wessel Blower-ია, ანუ საკუთარი სისტემის მამხილებელი.

ახვლედიანი გვარამიას მხრიდან ფულის შეთავაზებას უარყოფს. მისი თქმით, სასამართლო სისტემის პრობლემებზე მან ისაუბრა არა მხოლოდ გვარამიასთან, არამედ ასევე პოლიტიკოსებთან, მათ შორის, ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრაზეც.

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა კახა კალაძემ დანაშაულის ნიშნებზე მიუთითა და გვარამიას მექრთამეობაში დასდო ბრალი.