საქართველოს ჟურნალისტთა დამოუკიდებელი ასოციაცია

გაწევრიანდი!

თავდასხმა ჟურნალისტებზე ქუთაისში

ქუთაისში 90-ე საარჩევნო უბანზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა „ოცნების“ მხარდამჭერებსა და ჟურნალისტებს შორის. რამდენიმე ტელევიზიის გადამღები ჯგუფებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. კერძოდ, „იბერიის“, GDS-ის და სხვა ტელეკომპანიის წარმომადგენლებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფასთან ერთად, კამერებიც დაუმტვრიეს.

როგორც „იმედის“ ქუთაისის კორესპონდენტმა ხათუნა მაისურაძემ განაცხადა, მათ მიიღეს ინფორმაცია, რომ სავარაუდოდ იგეგმებოდა გარკვეული დაძაბულობა 90–ე უბანზე და ამ ფაქტის გადამოწმების მიზნით, სხვა ტელეკომპანიების ჟურნალისტებთან ერთად მივიდნენ აღნიშნულ უბანზე. აქ მათ შეამჩნიეს დიასპორების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე, რატი რეგაძე, რომელსაც თან ახლდა ქართული ოცნების მხარდამჭერები.

დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ჟურნალისტებმა გადაღება დაიწყეს და მინისტრის მოადგილეს გარკვეული განმარტებების გაკეთება მოსთხოვეს იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ ხდებოდა ამ უბანთან გარკვეული პირების მობილიზება. 

„ქართული ოცნების“ მხარდამჭერებმა ჟურნალისტებს გადაღების შეწყვეტა მოსთხოვეს, რასაც ფიზიკური ანგარიშსწორება მოჰყვა.

ხათუნა მაისურაძის თქმით, ქუთაისის 90-ე უბანზე სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს ასევე „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატს ამ უბანზე, გიგი წერეთელს.

რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ 90–ე უბანზე კობა ნარჩემაშვილის ძმა მონაწილეობდა დაძაბულობის შექმნაში, ხათუნა მაისურაძის თქმით, არასწორი ინფორმაციაა და ასეთ ფაქტს ადგილი არ ჰქონია.

შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები ინციდენტის დასრულების შემდეგ მივიდნენ.