საქართველოს ჟურნალისტთა დამოუკიდებელი ასოციაცია

გაწევრიანდი!

გამგებელი ჟურნალისტებთან კონფლიქტის შემდეგ თანამდებობიდან გადადგა

წნორის რწმუნებული, თამაზ მათეშვილი, რომელმაც გავრცელებული ინფორმაციით, ჟურნალისტ გელა მთივლიშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ბოდიშს იხდის და თანამდებობას ტოვებს.

„მინდა, ბოდიში მოგიხადოთ გუშინდელი ინცინდენტისთვის. მე, როგორც საჯარო მოხელეს, მქონდა თმენის ვალდებულება. ვაცნობიერებ რა, რომ თავისუფალი და დამოუკიდებელი მედია არის ჩვენი ხელისუფლების მთავარი მონაპოვარი, ნებისმიერი საჯაროპირი ვალდებულია, ხელი შეუწყოს მედიის საქმიანობას.

მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო დაკავებული თანამდებობა. კიდევ ერთხელ ვუხდი ბოდიშს ჟურნალისტს და საზოგადოებას“, - აცხადებს თამაზ მათეშვილი.

შეგახსენებთ, რომ გამგებელსა და ჟურნალისტებს შორის მომხდარი ინციდენტის შესახებ „კახეთის საინფორმაციო ცენტრის“ ხელმძღვანელმა გელა მთივლიშვილმა გაავრცელა ინფორმაცია:

„წნორში პრემიერ – მინისტრის დასახვედრად ცენტრალური ქუჩის მოწესრიგება, რომელიც რამდენიმე თვის განმავლობაში გადათხრილია, გუშინ, გვიან საღამოს დაიწყეს. მუშებს ავალდებულებდნენ კოკისპირულ წვიმაში თავისუფლების ქუჩა ნაყარი ქვა – ღორღისგან გაესუფთავებინათ და ორმოები ბეტონით და ასფალტით ამოევსოთ. თავისუფლების ქუჩაზე კახეთის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტის მისვლის შემდეგ, ადგილზე წნორში გამგებლის წარმომადგენელი, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი თამაზ მათეშვილი მივიდა. მან ჟურნალისტი უცენზურო სიტყვებით აგინა და სახეში დაარტყა, რის შემდეგაც კუთვნილი ავტომობილით ტერიტორია დატოვა.“

მთივლიშვილმა მომხდარის შესახებ პოლიციას აცნობა და ინციდენტის ამსახველი ვიდეომასალაც წარუდგინა. ჟურნალისტის არაერთი მოთხოვნის შემდეგ, ინციდენტიდან დაახლოებით 2 საათში თამაზ მათეშვილს ალკოჰოლზე შემოწმება ჩაუტარდა. ის ძლიერი სიმთვრალის მდგომარეობაში აღმოჩნდა. 

ვიდეომასალიდან ჩანს, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფი თამაზ მათეშვილი ავტომობილს მართავს.