საქართველოს ჟურნალისტთა დამოუკიდებელი ასოციაცია

გაწევრიანდი!

ოქრუაშვილი: „რუსთავი 2“ ქიბარ ხალვაშს არასდროს ეკუთვნოდა

საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი „რუსთავი 2“–თან საუბარში აცხადებს, რომ „რუსთავი 2“–ის წილი არასდროს ეკუთვნოდა ქიბარ ხალვაშს და რომ რეალურად მფლობელი იყო თავად ის, რის გამოც ის სამართლებრივი დავის წარმოებას აპირებს:

„ქიბარ ხალვაშს არასდროს არაფერი არ ეკუთვნოდა, ამ შემთხვევაში „რუსთავი 2“–ს ვგულისხმობ“, – განაცხადა ოქრუაშვილმა. 

მან დაადასტურა, რომ არსებობს შეთანხმების დოკუმენტი ქიბარ ხალვაშსა და ირაკლი ოქრუაშვილს შორის, რომელიც 2010 წელს გაფორმდა ბერლინში და რომელიც ადასტურებს, რომ ხალვაში „რუსთავი 2“–ის ნომინალური მფლობელია. „რუსთავი 2“–ის ცნობით, ამ საქმეში ოქრუაშვილის ინტერესებს იურისტი ლევან ალაფიშვილი იცავს.

ეს დოკუმენტი ტელეკომპანია „რუსთავი 2“–მა დღეს გაასაჯაროვა. 5–პუნქტისგან შემდგარი დოკუმენტის მეორე პუნქტში აღნიშნულია:

„ქიბარ ხალვაში ადასტურებს, რომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის შესაძენად დადებული ყველა გარიგებაში წარმოადგენდა ირაკლი ოქრუაშვილის ნომინირებულ პირს და მოქმედებდა მისი სახელით. შესაბამისად, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ზე, მის წილებზე, აქტივებზე, ინტელექტუალურ საკუთრებაზე, მის წილთა შემძენ კომპანიებზე, „რუსთავი 2“-ის მესაკუთრეობასთან დაკავშირებულ ყველა პრეტენზიაზე, მოთხოვნაზე, სარგებელზე, მისაღებზე (რეცცივაბლეს) საკუთრების და მოთხოვნის უფლებები ეკუთვნის ირაკლი ოქრუაშვილს. ქიბარ ხალვაში არ იმოქმედებს „რუსთავი 2“-თან დაკავშირებულ არცერთ საკითხში ირაკლი ოქრუაშვილთან შეთანხმების გარეშე.“

შეგახსენებთ, რომ ორშაბათს უზენაესმა სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს ცნობს თუ არა დასაშვებად „რუსთავი 2“–ის სარჩელს. თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების გადაწყვეტილებებით, „რუსთავი 2“–ის წილის 100 პროცენტი ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნეს.