საქართველოს ჟურნალისტთა დამოუკიდებელი ასოციაცია

გაწევრიანდი!

ირაკლი კობახიძე: ძალიან მალე სატელევიზიო სივრცეში აღიკვეთება ბილწსიტყვაობა

„რაც ტელეეთერის მეშვეობით, ნატა ფერაძის და ალეკო ელისაშვილის სახით ხდება, ადასტურებს, რომ ჩვენ ვართ პოლიტიკური და სამოქალაქო კულტურის განვითარების ძალიან დაბალ დონეზე“, - ასე პასუხობს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე თბილისის საკრებულოს დეპუტატ ალეკო ელისაშვილის განცხადებას, რომელმაც კობახიძისგან ბოდიშის მოხდა მოითხოვა.

„არ ვაპირებ ალეკო ელისაშვილთან პოლემიკაში შესვლას, უბრალოდ გავიმეორებ, რომ 2012 წლამდე მისი აქტიურობა არ მახსოვს, არც მისი თანამოაზრეების მხრიდან, რისი თვითმხილველიც ვართ 2012 წლის შემდეგ. ზოგადად გეტყვით იმ პროექტებს, რომელთა ერთ-ერთი განსახიერებაც არის ალეკო ელისაშვილი. კარგად მახსოვს როგორ შეიქმნა ალეკო ელისაშვილისგან „რუსთავი 2“-ის მიერ ხატი, როგორც გულანთებული ადამიანის, ეს ის დრო იყო როცა „რუსთავი 2“-ში ბუზიც ვერ შეფრინდებოდა „ნაციონალების“ ნებართვის გარშე. ეს პროექტი დაიწყო 2012 წლამდე და გრძელდება ახლაც”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ „ტვ პირველის“ ეთერში და დასძინა, რომ იყო კონკრეტული პროექტები, რომლებსაც ჰყავდა კონკრეტული დამკვეთები და ამ პროექტების განმახორციელებლები იყვნენ ეს ადამიანები და იგივე გრძელდება ახლაც. 

ჟურნალისტის რეპლიკაზე, რომ ალეკო ელისაშვილი პრინციპულად ეწინააღმდეგებოდა გიგი უგულავას დროს სხვადასხვა პროექტის განხორციელებას, კობახიძემ უპასუხა, რომ ამას ის არასოდეს აკეთებდა იქ, სადაც ამას პრინციპული მნიშვნელობა ჰქონდა. 

„სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია არის ერთ-ერთი სიმბოლო ქალაქის დამახინჯების. სწორედ უგულავას მმართველობის პერიოდში ფუნდამენტურად დამახინჯდა ქალაქის იერსახე, გამწვანებაზე ზუსტად იგივე შეიძლება ითქვას. ერთ კონკრეტულ ლოკალურ ტერიტორიაზე ათი ათასობის ხე გაიჩეხა უგულავას მმართველობის პერიოდში. თქვენ თუ შეგიძლიათ დამისახელოთ ერთი შემთხვევა მაინც, როდესაც ან ალეკო ელისაშვილმა, ან ნატა ფერაძემ, ან რომელიმე მათმა თანამოაზრემ გააპროტესტა ასეთი რამ, მაშინ მე შემიძლია ხელები ავწიო, მაგრამ ასეთი რამ რეალურად არ მომხდარა და მიზეზი ამ ყველაფრის ზუსტად ის იყო, რაც ვთქვი. ანუ, კონკრეტული პროექტები, რომელსაც ჰყავდა კონკრეტული დამკვეთები და სწორედ ამ პროექტების განმახორციელებლები იყვნენ მაშინაც ეს ადამიანები და ამ პროექტის განმახორციელებლები არიან ეს ადამიანები 2012 წლის შემდეგაც. ეს არის რეალური სურათი...

ის, რაც ხდება ტელეეთერის მეშვეობით, ნატა ფერაძის და ალეკო ელისაშვილის სახით, არის ერთ-ერთი გამოხატულება იმისა, რომ ჩვენ ვართ პოლიტიკური და სამოქალაქო კულტურის განვითარების ძალიან დაბალ დონეზე, თუმცა ვითარება ძალიან მალე შეიცვლება და ძალიან მალე აღიკვეთება ჩვენს სატელევიზიო სივრცეში ბილწსიტყვაობა და სიძულვილის ენა, რომლის განმასახიერებლები არიან ელისაშვილი და ნატა ფერაძე“, - აღნიშნა პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა.

კითხვაზე, რა ფორმით აღიკვეთება სიძულვილის ენა და ბილწსიტყვაობა, იგულისხმება თუ არა ამაში საკანონმდებლო ცვლილებები, კობახიძემ უპასუხა, რომ ხელისუფლება არანაირ რეპრესიულ ზეწოლას არ გეგმავს, უბრალოდ განვითარდება პოლიტიკური და სამოქალაქო კულტურა.