საქართველოს ჟურნალისტთა დამოუკიდებელი ასოციაცია

გაწევრიანდი!

კიევში რუსი ჟურნალისტი გარდაცვლილი იპოვეს

უკრაინის დედაქალაქ კიევში 28 აგვისტოს ღამით რუსი ჟურნალისტი ალექსანდრ შეტინინი გარდაცვლილი იპოვეს. 112.ua-ს ცნობით, ჟურნალისტის ცხედარი მისმა მეგობრებმა კონსტანტინოვის ქუჩაზე მდებარე მისი ბინის აივანზე აღმოაჩინეს. 

რეპორტიორის ცხედარი მეგობრებმა დამჯდარ მდგომარეობაში ნახეს, მას ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობა თავში ჰქონდა მიყენებული, იარაღი კი სკამის ქვეშ იდო. მეგობრები ალექსანდრ შეტინინთან დაბადების დღის მისალოცად იყვნენ მისული.

სამართალდამცველები თვითმკვლელობის ვერსიას არ გამორიცხავენ, რადგან სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე მან თავის მეგობარს შეტყობინება გაუგზავნა, სადაც სუიციდზე საუბრობდა. 

ცნობილი ბლოგერი, ჟურნალისტი და საინფორმაციო სააგენტო „ახალი რეგიონის“ დამაარსებელი საკუთარ თავს კრემლის მოწინააღმდეგედ და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მტრად განიხილავდა.